პომპეო: ტრამპის ადმინისტრაციამ იცოდა როგორ შეეკავებინა, ის არსად შეიჭრებოდა

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, მათი ადმინისტრაციის პირობებში პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, რადგანაც მათ იცოდნენ როგორ შეეკავებინათ რუსეთის პრეზიდენტი. 

პომპეოს თქმით, ომის დაწყებამდე რუსეთსა და დასავლეთს შორის განვითარებული პროცესები ძალიან გავს ჩინეთთან ურთიერთობის მიმდინარე დინამიკას. 

"ტრამპის ადმინისტრაციამ იცოდა როგორ შეეკავებინა მოწინააღმდეგეები და ჩვენ დროს ვლადიმირ პუტინი არსად შეიჭრებოდა",- განაცხადა მაიკ პომპეომ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა სრულად ვლადიმირ პუტინს ეკისრება, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ "უბრალოდ არაფერი ხდება და მტრები ყურადღებით არჩევენ დროს, როდესაც თავდასხმა მათთვის უფრო ხელსაყრელია."

"აი ფაქტი - ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი 2014 წელს ობამას პრეზიდენტობის დროს მიიტაცა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მას დამატებითი ტერიტორიები არ მიუტაცებია, საომარი მოქმედებები გრძელდებოდა დონბასში, მაგრამ ტერიტორიის სიღრმეში არ გავრცელებულა. ჩვენი წასვლის შემდეგ პუტინი ძველ ჩვევებს დაუბრუნდა. ეს უტყუარი ფაქტებია, შეიძლება იმაზე კამათი ეს უბრალო დამთხვევაა თუ გამართლება, მაგრამ პუტინი არ შეცვლილი, მისი მიზნები იგივეა. რაც მასში შეიცვალა ეს არის რისკების შეფასება - ის თავის შეფასებებს იმის მიხედვით ცვლის, თუ ვინ არის ლიდერი არამხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპაშიც",- ამბობს პომპეო. 

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, მიმდინარე ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდა. პომპეომ არ გამორიცხა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. 

კონტექსტი

ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტამდე მაიკ პომპეო ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ცოტა ხნის წინ გაყიდვაში გამოვიდა მაიკ პომპეოს წიგნი, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის წლებს იხსენებს. 

უკრაინასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება გაავრცელა რამდენიმე დღის დონალდ ტრამპმაც - ნიუ-ჰემფშირში წინასაარჩევნო კამპიანიში თავის ერთ-ერთ პირველ მიტინგზე ტრამპმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში პუტინი არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრებოდა უკრაინაში. 

ტრამპის თქმით, მას გაპრეზიდენტებიდან 24 საათში შეუძლია ომის დასრულება. 

 

მსგავსი სიახლეები