პოროშენკო: ზელენსკისთან შევთანხმდით, რომ ერთიანი ფრონტით ვიმოქმედებთ
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მათ გადაწყვიტეს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. პოროშენკოს განცხადება 11 მარტს მის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"გვქონდა რამდენიმე შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენ ახლა შევთანხმდით, რომ ერთიანი ფრონტით ვიმოქმედებთ. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და სწორი საქციელი. ახლა ყველა უკრაინელი არა პრეზიდენტი, მინისტრი, საპარლამენტო ფრაქციის ან პარტიის ლიდერი ან მუშა, არამედ ჯარისკაცია, რომელმაც უკრაინა უნდა დაიცვას", - თქვა მან.
პოროშენკოს თქმით, უკრაინელებმა ვლადიმირ პუტინი ბლიცკრიგის ჩაშლით გააოცეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი მსოფლიო არამარტო გააოცეს, არამედ გააერთიანეს.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის თქმით, პუტინი "დაჭრილი ცხოველივით" იქცევა. პოროშენკომ აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება პუტინის ფსიქიკურ ადეკვატურობაში და "ეს უკრაინას უზარმაზარ საფრთხეს უქმნის".
"პუტინი ელოდა, რომ ქვეყნის შიგნით 'მეხუთე კოლონა' ერთიანობას ძირს გამოუთხრიდა და ჩვენ პუტინს დიდი სიურპრიზი შევთავაზეთ", - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.