პრიგოჟინი რუსეთის ქალაქებში შეხვედრებს მართავს
ვაგნერის ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შემდეგ თავისი მედია აქტივობა რუსეთის რეგიონებში გადაიტანა. ამის შესახებ Медуза წერს.
მაისის ბოლოს, პრიგოჟინმა ორ დღეში სამი პრესკონფერენცია ჩაატარა - ეკატერინბურგში, ვლადივოსტოკსა და ნოვოსიბირსკში.
სამხედრო კომპანიის მფლობელი მოქალაქეებს წარუდგენს პროექტს - "ვაგნერი. მეორე ფრონტი". რა არის "ფრონტი" ბოლომდე გასაგები არ არის.
გამოცემის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების "სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას" და რუსებისთვის უკრაინის ომთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გულწრფელად მოყოლას.
პრიგოჟინი ჟურნალისტებს ძირითადად ერთიდაიგივე საკითხებზე ესაუბრება: ომი ხანგრძლივი იქნება, აუცილებელია საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, სიკვდილით დასჯის აღდგენა და გეგმიური ეკონომიკის შემოღება.
ამავდროულად, ვაგნერის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მისი ამჟამინდელი საქმიანობა არ უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური კარიერის დასაწყისად: ის არ გეგმავს საკუთარი პარტიის შექმნას ან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
სხვა საკითხებთან ერთად, პრიგოჟინმა კომენტარი გააკეთა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების ბოლო თავდასხმაზე. მან "ჩვეულებრივ მოსკოველებს" მოთმინებისკენ მოუწოდა და თავდაცვის სამინისტროს სთხოვა დედაქალაქში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსოს.
ის ასევე დაეთანხმა რამზან კადიროვის ბოლო ინიციატივას რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ.