პრიგოჟინის აჯანყების დღეს პუტინი იახტიდან ფესტივალს უყურებდა - რუსული მედია
რუსი ჟურნალისტების ცნობით, ვაგნერის აჯანყების დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგში ალისფერი იალქნების ფესტივალს ბიზნესმენ იური კოვალჩუკის იახტიდან უყურებდა.
ამ ინფორმაციას Новая газета Европа ავრცელებს.
პოლიტიკურმა ჟურნალისტმა და ტელეკომპანია Дождь-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა მიხაილ ზიგარმა The New York Times-ში დაწერა, რომ პუტინი არასოდეს ტოვებს წვეულებას მშობლიურ ქალაქში და არც ეს წელი იყო გამონაკლისი.
ზიგარის ცნობით, 24 ივნისს პუტინმა ალისფერი იალქნებს თავისი მეგობრის, ბიზნესმენ იური კოვალჩუკის იახტიდან უყურა.
ჟურნალისტის წყაროები ამას ასახელებენ ყველაზე ნათელ მტკიცებულებად, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რეალობას მოწყვეტილია.
"მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ყველაფერს ის აკონტროლებს და რომ პრიგოჟინის ამბოხს არანაირი გავლენა არ მოუხდენია პოლიტიკურ სიტუაციაზე. მაგრამ ის ცდება. [...] ბევრი ადამიანი, ვისთანაც ვისაუბრე, მიიჩნევს, რომ პუტინის მმართველობის სისტემა უბრალოდ ვერ გაგრძელდება." - აცხადებს ზიგარი.
ჟურნალისტმა იულია ტარატუტამ Дождь-ზე გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც სიტუაციის მცოდნე თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით წერს, რომ დღესასწაულზე პუტინს ახალი იახტა აჩუქეს - სანქციების გამო იტალიაში ჩამორთმეული შეჰერეზადას ნაცვლად. წყაროების ცნობით, საჩუქარი კოვალჩუკმა პირადად მოამზადა.
"ისინი იახტას სამი ან ხუთი წლის განმავლობაში აგებდნენ - აქ ვერსიები განსხვავდება. მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი: შემოწირულობა მოხდა. არც უკრაინასთან ომს, არც პრიგოჟინის აჯანყებას და არც როსტოვის დაბომბვას არ შეუშლია ხელი." - ამბობს ტარატუტა.