პრიგოჟინის აჯანყებისას რუსეთმა და სირიამ ვაგნერელების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს

რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებისას, სირიაში მის დაქირავებულ მებრძოლებს კომუნიკაცია აუკრძალეს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს. ეს ქმედებები კოორდინირებული იყო სირიის ძალებსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის.

ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემას ექვსმა წყარომ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ვაგნერმა აჯანყება სცადა, სირიის ხელისუფლებამ და რუსეთის სამხედრო სარდლობამ მიიღეს მთელი რიგი ოპერატიული ზომები ვაგნერის ადგილობრივი მებრძოლების წინააღმდეგ, რათა აჯანყების გავრცელება თავიდან აეცილებინათ.

წყაროების თანახმად, დაიბლოკა სატელეფონო კავშირი, ვაგნერის ათამდე მეთაური რუსულ სამხედრო ბაზაზე გამოიძახეს და დაქირავებულ მებრძოლებს ახალი კონტრაქტის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმება ან სირიის სასწრაფოდ დატოვება უბრძანეს.

წყაროებმა Reuters-თან უარი თქვეს მათი სახელების დასახელებაზე, რათა საიდუმლო სამხედრო ინფორმაცია არ გამჟღავნდეს.

ოფიციალურ დამასკოს ვაგნერელთა აჯანყებაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, სირიის რესპუბლიკური გვარდიის მაღალი რანგის ოფიცრისა და სირიელი წყაროს თანახმად, სირიის სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსნებმა პირადად გამოხატეს შეშფოთება, რომ ამბოხებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობას, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში ვაგნერელთა რაოდენობა შედარებით მცირეა - 250-დან 450 ადამიანამდე. მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

დამასკოსთან ახლოს მყოფი რეგიონული სამხედრო წყარო და მოვლენების მცოდნე ორი სირიული წყარო აცხადებს, რომ პრიგოჟინის აჯანყების დაწყების შემდეგ, რუსი ოფიცრების ჯგუფი სწრაფად გაიგზავნა სირიაში, რათა ადგილობრივ ძალებს ვაგნერის ხელმძღვანელობის დატყვევებაში დახმარებოდნენ.

23 ივნისის ღამეს სირიის სამხედრო დაზვერვამ სახმელეთო და ინტერნეტ კომუნიკაცია შეზღუდა ვაგნერელების დისლოკაციის ზონებში, რათა მათ რუსეთში ხელმძღვანელობასთან ან თუნდაც ნათესავებთან ვერ ეკონტაქტათ.

ათამდე ვაგნერის ოფიცერი, რომლებიც ცენტრალურ პროვინცია ჰომსში და სირიის სხვა რაიონებში იმყოფებოდა, დასავლეთ ლატაკიის პროვინციაში მდებარე ხმეიმიმში, რუსეთის ოპერაციების ბაზაზე გამოიძახეს.  

სააგენტომ ვერ გაარკვია, რა ბედი ეწიათ მათ.

24 ივნისამდე ვაგნერის მებრძოლებს სირიაში ახალი კონტრაქტების გაფორმებას სთხოვდნენ, რომლითაც ისინი პირდაპირ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარებოდნენ.

წყაროების თქმით, მათ ასევე ხელფასი შეუმცირეს.

ვინც ამ პირობებზე უარი თქვა, მომდევნო დღეებში რუსულმა თვითმფრინავებმა წაიყვანეს. წყაროების თქმით, ასეთი "რამდენიმე ათეული" იყო, რამაც სირიელი ოფიციალური პირები გააკვირვა, რომლებიც უფრო მეტი ვაგნერელის უარს ელოდნენ.

მსგავსი სიახლეები