პრიგოჟინის მედია ჯგუფი მთლიანად დახურული არ არის, ტროლები აქტიურობას აგრძელებენ - FT
ევგენი პრიგოჟინის მედიაჯგუფი პატრიოტის მუშაობა მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ შეწყდა, მაგრამ მისი ბედი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და პრიგოჟინის ტროლები კვლავ აქტიურობენ ინტერნეტში.
ამის შესახებ Financial Times წერს.
ვაგნერის მოსკოვზე ლაშქრობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებმა პრიგოჟინის მედია იმპერიის ოფისებში და ტროლების ფაბრიკებში რეიდი ჩაატარრეს.
მისი დახურვის შესახებ პატრიოტმა სოციალურ ქსელში განაცხადა. თუმცა, ინფორმირებული წყაროების ცნობით, მისი საბოლოო ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ალექსანდრ იონოვმა, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა და პრიგოჟინთან და რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, გამოცემას განუცხადა, რომ "ჯგუფი (პატრიოტი) შეჩერებულია და არა დახურული, რადგან ამ მომენტში უფრო აქტუალური საკითხებია." მან დასძინა, რომ კომერციული მყიდველები შესაძლოა დაინტერესდნენ ჰოლდინგის "ძალიან დიდი პატრიოტული აუდიტორიით."
ამავდროულად, პატრიოტის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის, Neva News-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კრასნობაევმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მან "შეაჩერა სარედაქციო მუშაობა," მაგრამ იმედოვნებს, რომ განაახლებს.
კითხვაზე, თუ რატომ გამოჩნდა საიტზე ინფორმაცია პატრიოტის დახურვის შესახებ, კრასნობაევმა უპასუხა, რომ "ინტრიგები შესანარჩუნებლად" გაკეთდა.
ამ ყველაფერს ემატება პრიგოჟინის ანონიმური ანგარიშები, რომლებიც აგრძელებენ ძველ რეჟიმში მუშაობას.
"აჯანყებას წამითაც არ შეუჩერებია ტროლების მუშაობა," - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელიც საკუთარ თავს ანტიბოტად ასახელებს. მაგრამ, მისი თქმით, ახალი მფლობელის გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხი შეიძლება იყოს.
"ტროლების ქარხანა იშვიათი საქონელია... თუ პრიგოჟინი მასზე კონტროლს დაკარგავს, ის სწრაფად გადავა კრემლთან დაახლოებულ სხვა სტრუქტურაში," - თქვა მან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2017 წლისთვის პრიგოჟინის მედია ჯგუფმა მილიონობით მომხმარებლამდე მიაღწია, შექმნა ათობით აშკარად კრემლის მხარდამჭერი ახალი ამბების საიტი, რომელიც აშუქებდა ცხოვრების წესს, ბიზნესს, ურბანულ ამბებს და პოლიტიკას.
წინა თვეში, დიდი ნაწილის დაბლოკვის შემდეგაც კი, პატრიოტის მიერ დაფინანსებული საიტები კვლავ იზიდავს 20 მილიონზე მეტ მომხმარებელს.