პრიგოჟინის თქმით, ბახმუტთან 20 000 ვაგნერელი მოკლეს, სტრელკოვის კი 40 000

ევგენი პრიგოჟინის თქმით, ქალაქ ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლებში ჩვკ ვაგნერის დანაკარგებმა 20 ათასი მოკლული შეადგინა. პრიგოჟინის თქმით, აქედან ნახევარს რეციდივისტები, ხოლო მეორე ნახევარს ვაგნერის მიერ დაკონტრაქტებული მებრძოლები შეადგენენ. 

"საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას მე ავიყვანე 50 ათასი პატიმარი, რომელთაგანაც 20% დაიღუპა, ზუსტად იმდენი რამდენიც ჩვენთან კონტრაქტით მოსული მებრძოლები",- ამბობს პრიგოჟინი. 

გარდა ამისა, პრიგოჟინის თქმით, ვაგნერში სამსახურის შედეგად სასჯელისგან გათავისუფლდა 40 ათასი პატიმარი, რაც რუსეთში პატიმრების ჯამური რიცხვის 9%-ს შეადგენს. 

პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ რიცხვებს მალევე გამოეხმაურა დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი და ФСБ-ს თადარიგის პოლკოვნიკი, იგორ სტრელოკოვი. ბოევიკის თქმით, პრიგოჟინის მიერ გავრცელებული რიცხვები არარელისტურად დაბალია. 

"უბრალოდ ამ ომის რეალიებიდან გამომდინარე - ყოველ 2 მოკლულზე მოდის 3 მძიმედ დაჭრილი. ამგვარად, მინიმალური გათვლებითაც კი ქალაქ პოპასნადან ბახმუტის დასავლეთ ნაწილამდე ვაგნერის დანაკარგები მინიმუმ 40 ათასს შეადგენს",- წერს სტრელკოვი. 

სტრელკოვის თქმით, ჩვკ ვაგნერი ბოევიკების დეფიციტს განიცდის და სწორედ ეს არის მიზეზი რის გამოც დანაყოფს არ შეუძლია შეტევის გაგრძელება ბახმუტის შემოგარენში მდებარე სხვა დასახლებების მიმართულებით. 

კონტექსტი 

ჯერ კიდევ 18 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბახმუტთან ვაგნერელების დანაკარგი 30 ათასია, აქედან 10 ათასამდე მებრძოლი მოკლულია. 

კირბის ცნობით, უკრაინაში მოკლული ვაგნერის მებრძოლების დაახლოებით 90% ციხიდან გამოშვებული რეციდივისტები არიან. თეთრი სახლის ცნობით, ჯამურად მოკლული 9 ათასი ბოევიკიდან ნახევარზე მეტი ბოლო 1 თვის განმავლობაშია მოკლული. 

კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს შეფასებით გასული წლის დეკემბერში ვაგნერს სულ 50 ათასამდე ბოევიკი ჰყავდა, აქედან 10 ათასი კონტრაქტორი და 40 ათასამდე ყოფილი პატიმარი. 

 

მსგავსი სიახლეები