პრიგოჟინმა არ გამორიცხა ქალი პატიმრების უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნა
"ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი მხარს უჭერს რუსი პატიმარი ქალების უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში გაგზავნის იდეას.
მისი განცხადება ტელეგრამის არხზე "პრიგოჟინის პრესსამსახური" გამოქვეყნდა.
პრიგოჟინს ამ ინიციატივით სვერდლოვსკის ოლქის დეპუტატმა ვიაჩესლავ ვეგნერმა მიმართა. ვეგნერმა თქვა, რომ მას დაუკავშირდა ქალების ჯგუფი, რომლებიც სასჯელს იხდიან ქალაქ ნიჟნი ტაგილში.
სავარაუდოდ, ეს ქალები "მზად არიან წავიდნენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, როგორც მეკავშირეები, ექიმები, ექთნები", რათა დაეხმარონ ოკუპანტებს.
"აბსოლუტურად გეთანხმები, არა მხოლოდ ექთნები და მეკავშირეები, არამედ დივერსიული ჯგუფები და სნაიპერების წყვილები." - წერს პრიგოჟინი.