პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან "ვაგნერელების" გაყვანა დაიწყო

"ვაგნერის" ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 25 მაისს მან უკრაინული ბახმუტიდან დაქირავებული მებრძოლების გაყვანა და პოზიციების რუსეთის რეგულარული არმიისთვის გადაცემა დაიწყო. მისი თქმით, პროცესი 1 ივნისამდე გაგრძელდება. 

შესაბამისი მიმართვა პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

"დღეს, 25 მაისს, ბახმუტიდან ნაწილებს გავიყვანთ, ახლა დილის 5 საათია, 1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი ზურგის ბანაკებში გადავა.

პოზიციებს ვაბარებთ სამხედროებს. ასევე საბრძოლო მასალას. ყველაფერს, მათ შორის მშრალ რაციონს, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, დავტოვებთ მათ, ვინც ბახმუტის აღებაში მთავარი როლი ითამაშა...

ორ ადამიანს დავტოვებთ სამხედროებს - "ბიბერს" და "დოლინს." - აცხადებს პრიგოჟინი

"დოლინი", ევგენი პრიგოჟინი და "ბიბერი"

კონტექსტი

ევგენი პრიგოჟინი ბახმუტის შტურმისას დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. მან განაცხადა, რომ 10 მაისის შემდეგ მისი დაქირავებული მებრძოლები ბახმუტიდან გავიდოდნენ და პოზიციებს კადიროველებს გადასცემდნენ. თუმცა, მოგვიანებით ეს აღარ გააკეთა.

შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერელებს" საბრძოლო მასალის საჭირო რაოდენობას დაჰპირდა.

9 მაისს დაქირავებულთა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მუქარა მიიღო, რომ ბახმუტიდან "ვაგნერელების" პოტენციურ გაყვანას ღალატად აღიარებდნენ.

10 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ "ვაგნერი" იძულებული გახდა ბახმუტის ფლანგები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებისთვის გადაეცა და ფლანგების გარღვევაზე საუბრობდა.

20 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განმარტა ევგენი პრიგოჟინის განცხადება ბახმუტის სრულად აღების შესახებ. მისი თქმით, "ვაგნერს" ქალაქიდან თავისი შენაერთების სწრაფად გაყავანა სურს, რადგანაც ბახმუტის ირგვლივ უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევა მიმდინარეობს და ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არსებობს.

მსგავსი სიახლეები