"ბახმუტის გასაღები" - რას ცვლის უკრაინის არმიის მიერ კლიშიივკას გათავისუფლება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის სამხრეთით მდებარე დასახლება კლიშიივკა გაათავისუფლეს. 

კლიშიივკის გათავისუფლება ყოველდღიურ მიმართვაში დაადასტურა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ოპერაციაში მონაწილე დანაყოფებს. 

დასახლების გათავისუფლების ამბავმა უფრო ადრე გაავრცელა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა - გავრცელებულ ფოტოზე, ნახევრად განადგურებული პოკროვსკის ეკლესიის ფონზე ჩანან უკრაინელი სამხედროები. მალევე გავრცელდა უკრაინელი სამხედროების ვიდეოც იმავე ლოკაციიდან. 

საყურადღებოა, რომ კლიშიივკის გათავისუფლება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია უკრაინის გენერალ შტაბს - მაღალი ალბათობით ეს უწყების მიდგომას უკავშირდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გენერალური შტაბი რომელიმე დასახლების გათავისუფლების შესახებ ცნობებს მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში ავრცელებს. 

თავის მხრივ კლიშიივკაში შექმნილ ვითარებაზე ჯერჯერობით დუმს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ე.წ. Z-ბლოგერებისა და სამხედრო კორესპონდენტების ნაწილის ცნობით კი კლიშიივკას ნაწილი კვლავ ე.წ. ნაცრისფერ ზონაშია და არცერთ მხარეს არ აქვს სრული კონტროლი დასახლებულ პუნქტზე. 

კლიშიივკის გათავისუფლებას წინ უძღოდა ბახმუტთან მდებარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სოფლის, ანდრიივკის გათავისუფლება, რომელიც რუსული გარნიზონის მომარაგების ხაზთან არის დაახლოებული. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, ამ 2 დასახლების გათავისუფლება უკრაინის არმიას მისცემს შესაძლებლობას გააგრძელოს ოპერაცია ბახმუტის ალყაში მოქცევის მიზნით. 

ბახმუტის გასაღები - რატომ არის მნიშვნელოვანი კლიშიივკა

ჯერ კიდევ 25 ივლისს ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერი, სერჰი ჩერევატი ამბობდა, რომ ანდრიივკისა და კლიშიივკის გათავისუფლება უკრაინის არმიას მისცემდა საშუალებას გადამწყვეტ ფაზაში გადაეყვანა ბახმუტში რუსების გარნიზონის ალყაში მოქცევის ოპერაცია. 

ამ თვალსაზრისით სამხედრო ექსპერტები კლიშიივკისა და ანდრიივკის გარდა გამოყოფდნენ კურდუმიოვკის მნიშვნელობას, რომელიც ანდრიივკის სამხრეთით მდებარეობს. 

ამ წარმატების მიუხედავად, ბახმუტის ალყაში მოქცევამდე ჯერ შორია - წერს უკრაინული ანალიტიკური პორტალი Deep State. უკრაინელი ანალიტიკოსების ცნობით, ოკუპანტებს კვლავ რჩებათ მომარაგების მარშრუტი ჩრდილოეთით - საუბარია ბახმუტისა და პოპასნაიას დამაკავშირებელ გზაზე.

იმავე Deep State-ის ანალიზის მიხედვით, დანგრეული გზების მიუხედავად ამ მონაკვეთზე რუსებს რამდენიმე გზით შეუძლიათ სარგებლობა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ გზა უკრაინული არტილერიის წვდომის არეალშია, თუმცა გზების სიმრავლისა და ოკუპანტების ცოცხალი ძალის სიჭარბის გამო, სავარაუდოა, რომ მარშრუტზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას კიდევ რაღაც დრო დასჭირდება. 

კლიშიივკა ერთ დროს ბახმუტის მყუდრო შემოგარენი იყო, სადაც დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობდა. დასახლების შტურმი ვაგნერმა გასული წლის ნოემბერში დაიწყო და საბოლოოდ მისი დაკავება უკვე 2023 წლის იანვარში დაიკავეს. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ოკუპანტები წინსვლის გაგრძელებას და უკრაინული გარნიზონის მომარაგების უკანასკნელი ხაზის, ე.წ. სიცოცხლის გზის გადაჭრას გეგმავდენენ. საუბარია ბახმუტისა და კონსტანტინოვკის დამაკავშირებელ გზაზე. 

უკრაინული არმიის წინააღმდეგობის შედეგად ვანგერმა ვერ შეძლო ქალაქის ალყაში მოქცევა და ქალაქში დარჩენილი უკრაინული დანაყოფების პირდაპირ შტურმზე გადაერთო. ვაგნერმა ბახმუტის სრულად დაკავება 20 მაისს შეძლო, თუმცა ამ დროისთვის უკრაინული დანაყოფები უკვე გადასულები იყვნენ კონტრშეტევაზე ბახმუტის ფლანგების მიმართულებით. 

რუსეთის არმიის დანაყოფები კლიშიივკისთვის 4 თვის განმავლობაში იბრძოდნენ, ამ დროის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთზე რამდენიმეჯერ გადმოისროლეს რეზერვები, მათ შორის სადესანტო დანაყოფებიც. 

ამ დროის განმავლობაში უკრაინის 3-ე ცალკეული მოეიერიშე ბრიგადა კლიშიივკას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან უახლოვდებოდა. რაც საბოლოოდ 17 სექტემბერს დასახლების გათავისუფლებით დასრულდა. 

კლიშიივკის შემოგარენში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმაღლეა განლაგებული, ამ სიმაღლეებიდან შესაძლებელია არამხოლოდ ბახმუტის კონტროლი, არამედ ჰორლოვკასთან დამაკავშირებელი გზისაც - ეს კი რუსების მომარაგების 2 მარშრუტიდან ერთ-ერთია. 

გარდა ამისა კლიშიივკაზე გადის ჰორლოვკასა და დონეცკთან დამაკავშირებელი საკრინიგზო ხაზი - სწორედ სარკინიგზო კვანძის უკან გადავიდნენ ოკუპანტები კლიშიივკის დაკარგვის შემდეგ. 

დასახლების გათავისუფლების შემდეგ მთავარი კითხვაა ეყოფათ თუ არა უკრაინულ დანაყოფებს ძალები და რესურსი წინსვლის გასაგრძელებლად. წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება წინსვლის ტემპის შენარჩუნება და მოძრაობის აღმოსავლეთით გაგრძელება. 

 

მსგავსი სიახლეები