პრიგოჟინი შოიგუს: თუ ჭურვების საკითხი დღესვე არ მოგვარდება, ბახმუტს დავტოვებთ

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბახმუტში პოზიციების დატოვებით და ფრონტის ჩამოშლით ემუქრება. 

ამის შესახებ ევგენი პრიგოჟინმა ერთ-ერთ Z-ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა. 

"მივმართავ თხოვნით სერგეი კუჟუგეტოვიჩ შოიგუს დაუყოვნებლივ გადმოგვეცეს საბრძოლო მასალები. უარის შემთხვევაში აუცილებლად მივიცნევ ვაცნობო უმაღლეს მთავარსარდალს არსებული პრობლემების შესახებ. ასევე წამოვაყენებ საკითხს დასახლებულ პუნქტ ბახმუტში ჩვკ ვაგნერის დანაყოფების დარჩენის მიზანშეწონილობის შესახებ. საბრძოლო მასალის შექმნილი დეფიციტისა და გაუმართლებელი სანიტარული დანაკარგების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტიკული მაქსიმალური ვადა დღევანდელი დღეა",- ამბობს პრიგოჟინი. 

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, შესაბამისი წერილით მან უკვე მიმართა სერგეი შოიგუს. 

"ჩვენ ვართ ჩვკ ვაგნერი, ჩვენ პატრიოტები ვართ და ჩვენ აქ ვიქნებით ბოლო ტყვიამდე, მაგრამ ეს ტყვიები მაქსიმუმ რამდენიმე დღე გვეყოფა. აქედან გამომდინარე, თუ საბრძოლო მასალის დეფიციტი სწრაფად არ შეივსება, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ორგანიზებული წესრიგით ან დავტოვოთ პოზიციები ბახმუტში, ან დავრჩეთ მოსაკვდომად. მაღალი ალბათობით ჩვენ იძულებულები ვიქნები დანაყოფების ნაწილი მაინც გავიყვანოთ ამ ტერიტორიიდან. ამის შემდეგ კი როგორც არ უნდა სურდეთ ჩვენს ბიუროკრატებს ჩამოინგრევა სხვა ყველაფერიც. ამიტომაც განგაშის ზარი უკვე რეკავს",- ამბობს პრიგოჟინი. 

გარდა ამისა ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, ЗСУ-ს კონტრიერიშის დაწყების ბოლო ვადა 15 მაისია. 

კონტექსტი 

პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება უკვე მრავალი თვეა, ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი საბრძოლო მასალების დეფიციტის შესახებ გასულ თვეებში იტყობინებოდა და სხვადასხვა ტიპის მუქარებს ავრცელებდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტში მათ შორის საუბარი იყო ჩვკ ვაგნერს და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებულ კონფლიქტზეც. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, პრობლემის გადაწყვეტას უშუალოდ ვლადიმირ პუტინიც ეცადა და მიმდინარე წლის 22 თებერვალს მან კრემლში შოიგუ და პრიგოჟინი მოიწვია. 

ბოლო კვირებში პრიგოჟინის კრიტიკა თავდაცვის სამინისტროს მიმართ მკვეთრად შემცირდა, დასავლური სადაზვერვო უწყებების ცნობით, გაუმჯობესდა კოორდინაცია ვაგნერის ბოევიკებსა და რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფებს შორისაც. 

შესაძლოა პრიგოჟინის უკმაყოფილება თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხაილ მიზინცევის გადაყენებამ გამოიწვია - მიხაილ მიზინცევი ზურგის მომარაგებაზე პასუხისმგებელი მოადგილე იყო. არსებული ცნობებით, მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა ევგენი პრიგოჟინთან. 

მსგავსი სიახლეები