პრიშტინას სურს, რომ კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა ევრო გამოიყენონ
კოსოვოს ხელისუფლებას სურს, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულმა ჩრდილოეთმა სერბული დინარის გამოყენებაზე უარი თქვას და ევროს გამოყენება დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე მიტროვიცას ოლქის 4 მუნიციპალიტეტში (ჩრდილოეთ მიტროვიცა, ლეპოსავიჩი, ზვეჩანი და ზუბინ-პოტოკი) მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სერბები წარმოადგენენ.
კოსოვოს ცენტრალური ბანკის მმართველის, აჰმედ ისმაილის განცხადებით, ამჟამად კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე მუნიციპალიტეტებში 4 ბანკი და 15 ფინანსური ინსტიტუტი იყენებს სერბულ დინარს. ახალი წესების თანახმად, აღნიშნულმა ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგადაც ისინი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას ევროში შეძლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო ევროპის კავშირის წევრი არ არის, ქვეყნის უდიდეს ნაწილში ევრო გამოიყენება.
დასავლეთის ლიდერებმა კოსოვოს გადაწყვეტილების თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ტერიტორიაზე დინარის აკრძალვა, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს.
კოსოვოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სერბეთის ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია ჯერ-ჯერობით არ დაუფიქსირებია.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ევროპის კავშირის წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი სერბეთსა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის ივნისში დადგეგმილ არჩევნებამდე, მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
მირსოლავ ლაიჩაკმა შეხვედრები ჯერ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, შემდეგ კი კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში პრეზიდენტ ვიოსა ოსმანთან, პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთთან და ვიცე-პრემიერ ბესნიკ ბისლიმისთან გამართა.
მიმდინარე წლის ივნისში ევროპის კავშირის საპარლამენტო, ხოლო ნოემბერში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, შესაბამისად ძირითადი ყურადღება ამ ორ მოვლენას დაეთმობა. მიროსლავ ლაიცაკი მიიჩნევს, რომ სერბეთმა და კოსოვომ ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით პროგრესს სწორედ წლის პირველ ნახევარში უნდა მიაღწიონ.
კონტექსტი
სერბეთსა და მის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოსოვოს პროვინციას შორის ეთნიკური დაძაბულობა 1989 წელს განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიის სტატუსი შეუჩერა და ეთნიკური ალბანელების დევნა დაიწყო. სლობოდან მილოშევიჩის გადაწყვეტილებას კოსოვოელმა ალბანელებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობითა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნით უპასუხეს.
1992 წელს სეპარატისტული მოძრაობის წევრებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სერბულ ძალებსა და კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას შორის დაწყებული დაპირისპირება 1996-1998 წლების განმავლობაში თანდათანობით მასშტაბურ და დაუნდობელ სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა, რომელიც 1999 წელს NATO-ს სამხედრო ინტერვენციის შედეგად დასრულდა.
2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა.
2011 წელს სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, რის შედეგადაც, ბელგრადსა და პრიშტინას შორის არაერთი ტექნიკური საკითხი გადაიჭრა, თუმცა ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.