პრისტაიკო: ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს

ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს. ამის შესახებ 31 ივლისს "Oбщественный"-სთან ინტერვიუში უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

პრისტაიკომ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 10 000 სამხედრო ნატოსა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სტანდარტების შესაბამის საბაზისო მომზადებას გაივლის. დიპლომატის თქმით, ესენი არიან მოხალისეები, რომელთა უმეტესობას ამ წვრთნამდე სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა.

"მაგრამ არის სხვა სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებიც სწავლობენ. მაგალითად, ჩვენ მოვინახულეთ საზღვაო ხომალდი, რომელიც მალე უკრაინას გადაეცემა. მასზე უკვე გადიან ჩვენი მეზღვაურები წვრთნას. ისინი მართავენ გემს, იარაღს. რამდენიმე ასეთი გემი იქნება." - დაამატა პრისტაიკომ.

ელჩის თქმით, უკრაინა ასევე მოლაპარაკებებს ნაღმსაწინააღმდეგო გემებზე აწარმოებს.

"ჩვენი პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა ჩვენ გვჭირდება ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები. ორი არის საწყისი მაჩვენებელი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ", - თქვა მან კითხვაზე, თუ რამდენი ასეთი გემი შეიძლება მიიღოს უკრაინამ. "ეს არის ხომალდები, რომლებიც ემსახურებიან მისი უდიდებულესობის საზღვაო ძალებს. ისინი გადაკეთდება, განახლდება და დაემატება სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ორი გემი. მათ ამ კლასის უფრო მეტი გემი ჰყავთ და ჩვენი ოფიცრები და მეზღვაურები ახლა გადიან წვრთნებს მოქმედ გემებზე."

მსგავსი სიახლეები