პროტესტის მიუხედავად, სერბეთის ახალმა პარლამენტმა საინაუგურაციო სხდომა გამართა

დარღვევებით ჩატარებული საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, სერბეთის პარლამენტმა საინაუგურაციო სხდომა გამართა.

მმართველი „პროგრესული პარტიის“ განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გასული წლის დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები გაყალბდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ პარტიასთან ერთად ფიცის დადებაზე უარი განაცხადეს.

„ვფიქრობ, სერბეთის მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ეს არც ნორმალური პარლამენტია და არც მოსახლეობის პოლიტიკური ნების მიხედვითაა ჩამოყალიბებული“, - ბორკო სტეფანოვიჩი, ოპოზიციონერი დეპუტატი.

კონტექსტი

სერბეთში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები გასული წლის 17 დეკემბერს ჩატარდა, რომლის შედეგადაც, „პროგრესულმა პარტიამ“ 250 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 128 მანდატი მოიპოვა.

„პროგრესული პარტია“ სერბეთის ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ხუთჯერ გაიმართა და ხუთივე შემთხვევაში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღება „პროგრესულმა პარტიამ“ მოახერხა.

ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მალევე აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძალაუფლების განვრცობისა და განმტკიცების მიზნით, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლა, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრა, ოპონენტების დევნა, საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგება და ა.შ. დაიწყო, რის გამოც სერბეთი ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციამ მოიცვა.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 17 დეკემბრის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, სერბეთის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.

დემონსტრანტების განცხადებით, მმართველმა პარტიამ „ხმები მოპარა“ და შედეგები სერბეთის მოქალაქეთა პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავს.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნები „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო“, თუმცა „პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".

ბელგრადის მერობის ოპოზიციური კანდიდატის, ვლადიმირ ობრადოვიჩის თქმით, არჩევნები, კამპანიის დაწყების დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ყველა ასპექტში უსამართლო იყო.

„ბელგრადის ასამბლეის არჩევნების შედეგები არ გამოხატავს დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკურ ნებას, შესაბამისად ჩვენ მას ვერ მივიღებთ“, - ვლადიმირ ობრადოვიჩი.

გრაცის უნივერსიტეტში არსებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სწავლებების ცენტრის დირექტორი, ფლორიან ბიბერი აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერის კენჭისყრაში დარღვევები უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში.

„წარსულში იყო მანიპულაციის შემთხვევები, მაგრამ ახლა უფრო სერიოზულია. ვფიქრობ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ არჩევნებს „პროგრესული“ პარტია მოიგებდა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ისინი გასული წლის შედეგს ასეთი სხვაობით გააუმჯობესებდნენ“, - ფლორიან ბიბერი.

მსგავსი სიახლეები