პუტინი ამტკიცებს, რომ მზად იყო ნავალნი გაეცვალა, მაგრამ "სამწუხარო მოვლენა" მოხდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას "სამწუხარო მოვლენა" უწოდა და განაცხადა, რომ მზად იყო ის გაეცვალა.
ამის შესახებ პუტინმა თავის საარჩევნო შტაბში კვირას განაცხადა.
"რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ გვქონდა სხვა შემთხვევები, როცა ციხეში მყოფი ადამიანები გარდაიცვალნენ. მაგრამ ეს არ მომხდარა შეერთებულ შტატებში? მომხდარა და მეტიც, არაერთხელ." - თქვა მან.
"გეტყვით, ეს მოულოდნელი იქნება. ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ იყო იდეა, გამეცვალა ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. დამიჯერებთ თუ არა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება ჩემთან მოსაუბრეს, მე ვუთხარი: "ვეთანხმები." მხოლოდ ერთი პირობით: გავცვალოთ, რომ არ დაბრუნდეს, იქ იჯდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც მოხდა, იყო ის, რაც მოხდა." - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
კონტექსტი
16 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. ნავალნი რუსეთის ფედერაციის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის მე-3 კოლონიაში იხდიდა სასჯელს.
ის პატიმრობაში 2021 წლის დასაწყისიდან იმყოფებოდა. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში.
Reuters-ის ცნობით, ნავალნიმ იცოდა მის გაცვლაზე მოლაპარაკებების შესახებ და დათანხმდა.