პუტინი ბუჩას სასაკლაოზე: ეს პროვოკაციაა, ჩვენ ჯარს ამასთან შეხება არ აქვს

ვლადიმირ პუტინმა კრემლში გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში მიიღო. შეხვედრის მედიისთვის ღია ნაწილში პუტინი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებსაც.

"სტამბოლში გარკვეული შეთანხმების მიღწევისა და ჩვენი მხრიდან ნათლად გამოხატული კეთილი ნების ნაბიჯების შემდეგ, რომლის მიზანიც მოლაპარაკებებისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნა იყო - ჩვენ გადავაწყდით პროვოკაციას დასახლებულ პუნქტ ბუჩაში. რომელთანაც რუს სამხედროებს არანაირი შეხება არ აქვს. ჩვენ ვიცით ვინ აკეთებდა ამას, ვინ ამზადებდა პროვოკაციას, რა საშუალებებით და რა ტიპის ადამიანები იყვნენ ჩართული ამ საქმეში",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

__________________________________________ 

19 აპრილს ვლადიმირ პუტინმა საპატიო - გვარდიული პოლკის წოდება მიანიჭა რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-ე ბრიგადას. სწორედ ამ ბრიგადის მიერ იყო ოკუპირებული კიევის შემოგარენში მდებარე ბუჩა, რომელშიც სამხედრო დანაშაულები მოხდა. 

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ბრიგადის ქმედებები სამაგალითო იყო. 

"ბრიგადის პირადი შემადგენლობის მიერ საბრძოლო მოქმედებებში, სამშობლოს ინტერესების დაცვისას გამოვლენილი მასობრივი გმირობისა და თავდადებისთვის, საიმედოობიაა და სიმამაცისთვის", - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის განკარგულების იმ ნაწილში, რომელშიც გადაწყვეტილების მიზეზებია დასახელებული. 

დასახელებული ბრიგადა რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 35-ე არმიის შემადგენლობაში შედის და მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი ქალაქი ხაბაროვსკია. 

პუტინის განკარგულებას უკვე გამოეხმაურა, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

"სანამ ზოგიერთები აგრძელებენ დისკუსიას შეიძლება თუ არა რუსეთის ქმედებებს ვუწოდოთ გენოციდი, რუსეთის ფედერაცია დასცინის მთელ მსოფლიოს."

ქალაქი ბუჩა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველ აპრილს გაათავისუფლეს. ქალაქში შესვლის შემდეგ ქუჩებსა და სახლებში აღმოჩენილ იქნა ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი. 

ბოლო მონაცემებით ბუჩაში ოკუპანტებმა სულ 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

მსგავსი სიახლეები