პუტინი: დარწმუნებული ვარ, როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება
რუსეთის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაუგზავნა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიდერებსა და მოქალაქეებს.
მათ შორის პუტინის მისალოც სიაში მოხვდა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის, ასევე ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები.
"დღეს ჩვენი საერთო ვალია არ დავუშვათ ნაციზმის აღზევება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა ბევრ ქვეყანას. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს სიმართლე ომის წლების შესახებ, ასევე საერთო სულიერი ფასეულობები და ძმური მეგობრობის ტრადიციები", - ნათქვამია პუტინის ტელეგრამაში.
დონბასელი სეპარატისტებისთვის გაგზავნილ მილოცვაში პუტინი ამბობს, რომ როგორც მეორე მსოფლიო ომის წლებში, ისინი იბრძვიან "ნაცისტური სიბილწის დასამარცხებლად."
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება" - ამბობს პუტინი.
უკრაინელი ვეტერანებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინი წერს, რომ "დაუშვებელია იმ ძალების იდეოლოგიური მემკვიდრეების აღზევება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დამარცხდნენ."