პუტინი ევროპის ენერგოკრიზისზე ხელს ითბობს. როგორ?

 

 

ენერგეტიკული კრიზისის უკან, რომელიც ევროპას დაატყდა თავს, რუსეთი ნამდვილად არ დგას. თუმცა, კრემლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ბებერი კონტინენტის“ გასაჭირიდან მაქსიმალურად იხეიროს.

ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი გახუთმაგდა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად სათბობ რესურსზე მოთხოვნა კიდევ უფრო იმატებს, მაშინ, როცა გაზის მიწოდება შეფერხებულია.

ევროკავშირი სულ უფრო მწვავედ გრძნობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას, ხოლო მოლდოვა - ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა - სულაც ენერგეტიკული კოლაფსის ზღვარზე დგას.

 

ევროკავშირი: რუსეთი მოლდოვას ბუნებრივი აირით აშანტაჟებს

 

ვინ ამღვრევს წყალს? ცოტა ხნის წინ ვალდაის სადისკუსიო ფორუმზე პუტინმა ბრალდებას, რომ მოსკოვი ენერგოკრიზისის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, „აბსურდი და პოლიტიკურად ანგაჟირებულთა ლაქლაქი“ უწოდა.

·        კრემლის განცხადებით, გაზზე მაღალი ფასები არც რუსეთისთვისაა სასურველი, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა კვლავ ქვანახშირის წვას მიჰყოს ხელი.

·        თუმცა, ცოტასთვის თუა უცნობი, რომ პუტინი რუსეთის ბუნებრივ რესურსებს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ბეიკერის ინსტიტუტის მკვლევარ ანა მიკულსკას თქმით, რუსეთი მეზობლების, რომლებსაც თვალი დასავლეთისკენ უჭირავთ, კაბალაში მოქცევას ცდილობს.

 

რა შუაშია გეოპოლიტიკა? ევროკავშირში პუტინის დესპანის, ვლადიმირ ჩიჟოვის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში გეოპოლიტიკა მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. „მტრობას პარტნიორობა არჩიეთ და პრობლემაც ადვილად გადაწყდებაო“, - უთქვამს ჩიჟოვს ევროკავშირის მესვეურებზე.

·        პუტინი ევროკავშირის ქვეყნებს შეუფერხებელი მიწოდების სანაცვლოდ რუსული გაზის შესყიდვაზე უფრო ხანგრძლივი კონტრაქტების დადებას სთავაზობს.

·        კიდევ ერთი გზა, რითიც ევროკავშირი ენერგო-ვარამს შეიმსუბუქებს, Nord Stream 2-ის გაზსადენის ლიცენზირების დაჩქარება იქნებაო, თქვა პუტინმა. რუსული გაზი დღეს ევროპას ძირითადად უკრაინის გავლით მიეწოდება, რაც ახალი გაზსადენის ამოქმედების შემთხვევაში შეიცვლება.

 

რას ამბობს ამერიკა? აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში, ამოს ჰოქსტეინი კრემლის წინადადებას აზრსმოკლებულს უწოდებს - რუსეთს მიწოდების გაზრდა რომ სურდეს, ამას დღეს არსებული გაზსადენების ინსფრასტრუქტურითაც მოახერხებდაო.

·        ჰოქსტეინი იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს - რუსეთი ევროპელებს აიძულებს, გაზის მიწოდების სანაცვლოდ იმ საკითხებზე წავიდეს დათმობაზე, რომლებსაც ენერგეტიკასთან საერთო არც არაფერი აქვთო.

 

ფართო სურათი: რუსული გაზი ევროპის ენერგომოხმარების კალათაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ასე მაგალითად, 2018 წელს გერმანიაში იმპორტირებული ბუნებრივი აირის 2/3 რუსეთიდან იყო, გერმანიის ენერგომოხმარებაში რუსული გაზის წილი კი 16 %-ს შეადგენდა.

·        აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე სრულადაა დამოკიდებული.

 

ცოტა სხვა კუთხიდანაც რომ შევხედოთ, უნდა ითქვას, რომ ბუნებრივი აირზე ფასის ზრდას რუსეთის ღია თუ დაფარულ ზრახვებთან ცოტა აქვს საერთო.

·        გაზის მარაგების შემცირება 2020 წლის ცივ ზამთარს მოყოლებულმა ცხელმა ზაფხულმა გამოიწვია.

·        ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოპოვება სულ უფრო მცირდება, მის ადგილს კი ენერგიის განახლებადი წყაროები იკავებენ. ამ სეზონზე კი, ნაკლებად ქარიანი ამინდების გამო, განახლებადი ენერგიის მოპოვებაც შემცირდა.

·        კიდევ ერთი მიზეზი განვითარებად ეკონომიკებში უნდა ვეძიოთ. აზიაში მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ მსოფლიო ბაზარზე არსებული გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მარაგები სრულად ამოწურა, რამაც ევროპელი მომხმარებლები ალტერნატივის გარეშე დატოვა.

 

გამოსავალი ევროკავშირის ქვეყნებს მძიმე ზამთარი ელით, თუმცა კარგს იზამენ, თუ მომავალში თადარიგს დაიჭერენ და პოლონეთივით ენერგომომარაგების წყაროების გამრავალფეროვნებას (დივერსიფიცირებას) შეეცდებიანო, ამბობს მიკულსკა.

 

მომზადებულია Axios.com-ზე დაყრდნობით.

 

მსგავსი სიახლეები