პუტინი: ჰსთ-მ საშტატო რეჟიმში იმუშავა, რაღაც საკითხებზე სამუშაო გვაქვს
ვლადიმირ პუტინი დღეს დილით მოსკოვზე დრონების მასირებულ თავდასხმას პირველად გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საშტატო რეჟიმში იმუშავა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე სამუშაო არის.
"ჩვენ მსგავს პრობლემებს ვაწყდებოდით სირიაში ხმეიმიმის აეროდრომზე, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აეროდრომის ტერიტორია ვერ შეედრება მოსკოვის ტერიტორიას - უზარმაზარი ევროპული მეგაპოლისის",- განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კრემლისთვის გასაგებია რა არის გასაკეთებელი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. "უკრაინა ამგვარად ცდილობს ჩვენს პროვოცირებას სარკისებურ ზომებზე, ვნახოთ რას მოვიმოქმედებთ",- ამბობს პუტინი.
დრონების თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვას ვლადიმირ პუტინი 6 წუთის განმავლობაში პასუხობდა, რომლის ფარგლებშიც კვლავ გაიმერა რუსული პროპაგანდის ტყუილები, 2014 წელს მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებისა და რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის შესახებ.
გარდა ამისა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შორი რადიუსის ზეზუსტ შეიარაღებას იყენებს, რომელთა მიზანიც მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. ვლადიმირ პუტინის ამ მტკიცებას ეწინააღმდეგება ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ბოლო მონაცემებით 22 734 მოქალაქე ემსხვერპლა.
გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა საერთო კონტექსტიდან ამოვარდნით ისაუბრა ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელ პრობლემებსა და სირთულეებზე. გასულ დღეებში უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყებოდა, რომ ოკუპანტები სადგურის ირგვლივ ქიმიურ პროვოკაციებს ამზადებენ.
უფრო მეტი მოსკოვზე განხორციელებული დრონების თავდასხმის შესახებ წაიკითხეთ აქ.