პუტინი იავლინსკის შეხვდა - სავარაუდოდ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხუთშაბათს პარტია იაბლოკოს დამფუძნებელს, გრიგორი იავლინსკის შეხვდა.
იაბლოკოს პრესსამსახურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი თემა იყო "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საჭიროება" უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში.
რუსული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა იავლინსკის შესთავაზა უკრაინის ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებებში შუამავალი გახდეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა შეხვედრის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.
მანამდე, ტელეგრამის არხებზე, კონკრეტული წყაროების დაკონკრეტების გარეშე, გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კრემლი ეძებს ლიბერალურ კანდიდატს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასეთ კანდიდატებს შორის დასახელდა გრიგორი იავლინსკის სახელი. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რისთვისაც ოპოზიციონერების უმეტესობა მას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა.
თუმცა, იაბლოკოს პრესსამსახურის ცნობით, იავლინსკისა და პუტინის შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
"იავლინსკიმ არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუ მოქალაქეები თავად და საკუთარი ინიციატივით შეაგროვებენ მინიმუმ 10 მილიონ ხელმოწერას მისი ნომინაციისთვის," - აცხადებენ პარტიაში.
გრიგორი იავლინსკი 1952 წელს უკრაინულ ქალაქ ლვივში დაიბადა და სკოლის დამთავრებამდე იქ ცხოვრობდა.