პუტინი Nord Stream-ებზე დივერსიაში ამერიკას ადანაშაულებს
Nord Stream-ის გაზსადენებზე დივერსია არის "ყველაზე საშიში პრეცედენტი" და "საერთაშორისო ტერორიზმის აქტი". ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ Russian Energy Week-ის ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა.
ინციდენტი შეიძლება მოაწყოს ვინმემ, რომელსაც "ტექნიკურად შეუძლია ასეთი აფეთქებების განხორციელება და უკვე მიმართა ასეთ დივერსიებს, დაიჭირეს ხელზე, მაგრამ დაუსჯელი დარჩა", - ციტირებს პუტინს სააგენტო "Интерфакс".
ამავდროულად, პუტინის აზრით, მომხდარის მთავარი ბენეფიციარები იყვნენ უკრაინა და პოლონეთი (რომლებითაც გადის სახმელეთო გაზსადენები რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში) და შეერთებული შტატები, "რომლებსაც ახლა შეუძლიათ ენერგორესურსების მაღალ ფასად მიწოდება."
"ყველაფერი ნათელია, ვინ დგას ამის უკან", - თქვა პუტინმა.