პუტინი: "ორეშნიკის" სამიზნე შესაძლოა გადაწყვეტილების მიღების ცენტრები გახდეს

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბი ამ დროისთვის დაკავებულია "ორეშნიკის" საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისთვის ახალი სამიზნეების შერჩევით.
 
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის (ОДКБ) სესიაზე განაცხადა.
 
"ამ მომენტისთვის, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არჩევს სამიზნეებს. ეს შესაძლოა იყოს სამხედრო ობიექტები, სამხედრო წარმოების ობიექტები ან გადაწყვეტილების მიღების ცენტრები კიევში, მით უფრო, რომ კიევის რეჟიმი არაერთხელ ეცადა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების დაზიანებას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, და ეს მცდელობები გრძელდება" - განაცხადა პუტინმა.

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც 24 წელია ხელისუფლებაშია, სრულიად არალეგიტიმური უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას - "იურიდიული თვალსაზრისით, მათ არ აქვთ სამხედროებისთვის ბრძანების გაცემის უფლებაც კი".
 
პუტინის თქმით, რუსეთს მზად აქვს "ორეშნიკის" ანალოგიური რამდენიმე სისტემა, ხოლო მათი მასირებული გამოყენების შემთხვევაში, მისი ამგვარი დარტყმის სიმძლავრე ბირთვული აფეთქების ტოლფასი იქნება.
 

კონტექსტი

"ახალი სარაკეტო სისტემის საბრძოლო პირობებში გამოცდის" შესახებ ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბერს გამოაცხადა. დარტყმა ქალაქ დნიპროში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე განხორციელდა. პუტინის თქმით, ეს წარმოადგენს პასუხს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული რაკეტების გამოყენების არეალზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე.
 
დარტყმის ადგილზე ექსპერტებმა “ბულავას” სისტემის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელზეც რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი 1990-იან წლებში მუშაობდა. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საუბარი არ არის თვისობრივად ახალ და რევოლუციურ შეიარაღებაზე, რომლის არსებობაც აქამდე უცნობი იყო.

რაც შეეხება ბირთვული ასაფეთქებლის ტარებას, რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ სისტემებს, რომლებსაც ასევე შეუძლია ბირთვული შეიარაღების ტარება. აქედან გამომდინარე, გამოყენებული შეიარაღების კონტექსტში, მთავარი სიახლე ისაა, რომ პირველად გამოიყენეს საშუალო რადიუსის რაკეტა.
 

მსგავსი სიახლეები