პუტინი: რუსეთი ბელორუსის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს

რუსეთმა ბელორუსში 10 თვითმფრინავი განათავსა, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია და 1 ივლისს დაასრულებს ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Россия-24-თან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს ატომური იარაღის ბელორუსიისთვის გადაცემას და უბრალოდ მის ტერიტორიაზე განათავსებს.

"მიზეზი იყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ისინი აპირებენ გაღარიბებული ურანის ჭურვების უკრაინისთვის მიწოდებას. მაგრამ ამ მოვლენის გარეშეც, ალექსანდრ ლუკაშენკო დიდი ხანია აყენებს ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების საკითხს", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია არა ბირთვული იარაღის გადაცემაზე, არამედ ბირთვული იარაღის მატარებლებისა და ასეთი მატარებლების ეკიპაჟების მომზადებაზე. პუტინის თქმით, აშშ იგივეს აკეთებს თავის მოკავშირეებთან ევროპაში (მან დაასახელა ექვსი ქვეყანა).

"ჩვენ შევთანხმდით, რომ იგივეს გავაკეთებთ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ჩვენი ვალდებულებების დარღვევის გარეშე", - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

პუტინი აცხადებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა ბელორუსიში 1 ივლისისთვის დასრულდება, ხოლო "ისკანდერების" ეკიპაჟების მომზადება 3 აპრილს უნდა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები