პუტინი: სანქციებს მაინც დაგვიწესებდნენ, გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მთავრობის წევრებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა. თათბირის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენაზე ისაუბრა.
პუტინის თქმით, რუსეთს სანქციებს "ასე თუ ისე" მაინც დაუწესებდნენ, როგორც ეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ხდებოდა. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა არსებულ გამოწვევებს იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის მეშვეობით წარმატებით დაძლევს და "ქვეყანა წელში მოხრილი აღარ იცხოვრებს".
"ჩვენი მოქალაქეები მიხვდებიან, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთზე მეტად სანქციები ევროპის მოსახლეობას აზიანებს, "რომლებსაც თავიანთი მთავრობის წევრები ქამრების შემოჭერას და თბილი ტანსაცმლის ჩაცმას ურჩევენ".
რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ენერგომატარებლების გაზრდილ ფასებზეც და განაცხადა, რომ ეს არ არის რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი - "ეს მათი არასწორი გათვლების შედეგია."