პუტინი შოლცს: მოლაპარაკებებში უკრაინის წინადადებები არარეალურია

18 მარტს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას "უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა". ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის ვებ-გვერდი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა შოლცს "ვიდეოფორმატში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის შეფასებები წარუდგინა".

კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინის ხელისუფლება ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს აჭიანურებს და "უფრო და უფრო არარეალურ წინადადებებს" აყენებს.

"მიუხედავად ამისა, რუსული მხარე მზად არის გააგრძელოს გადაწყვეტილებების ძიება ყველასთვის ცნობილი პრინციპული მიდგომების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ შოლცი პუტინს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა. საუბრის თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების მცდელობები იყო.

"კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა დროულად შეწყვიტოს ცეცხლი, გააუმჯობესოს ჰუმანიტარული მდგომარეობა და მიაღწიოს პროგრესს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მოძიებაში." - ვკითხულობთ განცხადებაში.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პუტინის შოლცთან საუბარს "საკმაოდ რთული, მაგრამ აბსოლუტურად საქმიანი" უწოდა

პესკოვმა განმარტა, რომ "საუბარს ძნელად შეიძლება ვუწოდოთ მეგობრული, რა თქმა უნდა, ეს მკაცრი საუბარია". მიუხედავად ამისა, პუტინის სპიკერის თქმით, "ასეთი კონტაქტები საჭიროა".

მსგავსი სიახლეები