პუტინი სი ძინფინგს: ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის, თქვენ გეგმას პატივს ვცემთ
ცოტა ხნის წინ კრემლში ვლადიმირ პუტინისა და სი ძინფინგის მოლაპარაკებები დაიწყო. მისასალმებელ სიტყვაში ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ღიაობის შესახებ განაცხადა.
"ჩვენ ყურადღებით გავეცანით თქვენს წინადადებებს უკრაინაში მიმდინარე მწვავე კრიზის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თქვენ, ასევე იცით, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს, მათ შორის თქვენ ინიციატივას, რომელსაც ცხადია პატივისცემით ვეკიდებით",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
კონტექსტი
მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და სი ძინფინგის 40-ე შეხვედრა იმართება - ეს არის სი ძინფინგის პირველი სახელმწიფო ვიზიტი კრემლში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ომის დაწყების წლისთავზე პეკინმა კონფლიქტის დარეგულირების 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. გეგმას სპეტიკურად შეხვდნენ ვაშინგტონში, სადაც განაცხადეს, რომ ჩინეთი ვერ იქნება მიუკერძოებელი შუამავალი, რადგანაც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ამ დრომდე არ დაუგმია სამხედრო აგრესია.
თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტისგან ელოდებიან, რომ ის საკუთარ ავტორიტეტს რუსეთზე ზეწოლისთვის და ომის დასასრულებლად გამოიყენებდა.