პუტინი სი ძინფინგთან შეხვედრაზე: ვაფასებთ ჩინეთის დაბალანსებულ პოზიციას

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთისთვის გასაგებია ჩინეთის წუხილები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და რუსეთი მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვებს პასუხი გასცეს. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას განაცხადა. ორი ლიდერი ერთმანეთის შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის კლუბის სამიტის ფარგლებში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ხვდებიან. 

"ძალიან ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგებია თქვენი კითხვები და წუხილები ამასთან დაკავშირებით და დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში რა თქმა უნდა დეტალურად წარმოგიდგენთ ჩვენს პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ადრეც გვისაუბრია",- განაცხადა პუტინმა. 

შესავალ სიტყვაში ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთი ჩინეთის პრინციპის ერთგული რჩება და მკაცრად გმობს აშშ-ს მიერ ტაივანის სრუტეში ინსპირერებულ პროვოკაციებს. 

კონტექსტი

მიმდინარე წელს ეს პუტინის და სი ძინფინგის უკვე მეორე შეხვედრაა. მიმდინარე წელს პირველად ორი ლიდერი ერთმანეთს პეკინში ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე, 10 თებერვალს შეხვდნენ. 

თავის მხრივ უზბეკეთსა და მანამდე ყაზახეთში ვიზიტით დასრულდა სი ძინფინგის პაუზა საგარეო ვიზიტების კუთხით - ეს კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სი ძინფინგის პირველი ვიზიტია ჩინეთის ფარგლებს გარეთ. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი ერთი მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თუმცა მეორე მხრივ კონფლიქტის პროვოცირებაში აშშ-სა და ნატოს ასახელებს. 

თავის მხრივ ჩინეთს არ დაუწესებია რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით ჩინური კომპანიები ე.წ. მეორეული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით თავს იკავებენ რუსეთში საქმიანობის გაგრძელებისგან. 

მსგავსი სიახლეები