პუტინი: ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებს სერიოზულად ვეკიდებით

ვლადიმირ პუტინის თქმით, ჯერჯერობით არ იცნობს ტრამპის გეგმას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, თუმცა რუსეთი სერიოზულად ეკიდება მის ინიციატივას. 

ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი ამბობს, რომ სურს და მზად არის დაასრულოს ომი - ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ცხადია, ჯერჯერობით არ ვიცნობ მის შესაძლო წინადადებებს თუ როგორ აპირებს ამის გაკეთებას და ეს რა თქმა უნდა საკვანძო საკითხია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ ის გულწრფელია და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას" - თქვა პუტინმა. 

ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტმა გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტა "უკრაინის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გარეშე." პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინამ შესაძლოა ძალების აღსადგენად და ვითარების გაუმჯობესებისთვის გამოიყენოს. 

ამასთანავე უცნობია, თუ ვისთან აპირებს მოლაპარაკებებს პუტინი - რუსეთის პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ მაისის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი აღარ არის ლეგიტიმური ( 20 მაისს ამოიწურა ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა, თუმცა უკრაინული კანონმდებლობა საომარ მდგომარეობაში პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს) და უკრაინელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი რადის სპიკერია. 

კონტექსტი 

3 ივლისს Politico ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ომის დასრულების გეგმა ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების ოფიციალურ შეჩერებას, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე პუტინის მიერ დასავლეთისთვის წარდგენილი ულტიმატუმის ერთ-ერთი პუნქტი იყო. 

წყაროების ცნობით, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაში პირველ რიგში უკრაინა და საქართველო იგულისხმება, თუმცა ეს ალიანსის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. გარდა ამისა, წყაროების ცნობით, ტრამპი განიხილავს თუ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რა ნაწილი უნდა დარჩეს მოსკოვის კონტროლქვეშ. 

გარდა ამისა, ტრამპის გუნდში მუშაობენ ნატოს რესტრუქტურიზაციაზე - ამ ინიციატივის მიხედვით, ალიანსის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული მხარდაჭერით ვერ ისარგებლებენ ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ. 

25 ივნისს Reuters ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი გეგმა უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

გენერალ კიტ კელოგისა და ფრედ ფრიცის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, უკრაინის სამხედრო დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს დაწყებას დათანხმდება. იმ შემთხვევაში კი თუ მოლაპარაკებების დაწყებაზე რუსეთი იტყვის უარის გეგმის მიხედვით ამერიკა გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას. 

კელოგისა და ფრიცის გეგმა, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსის პოსტს იკავებდნენ მოლაპარაკებები გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის მიმდინარე ხაზებზე. 

ტრამპის მრჩეველების თქმით, მათ წარუდგინეს გეგმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომლისგანაც დადებითი გამოხმაურება მიიღეს - "არ ვამტკიცებს, რომ ტრამპი დაეთანხმა ჩვენს გეგმას ან დაეთანხმა მის ყოველ დეტალს, მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ იმ პასუხით რაც მივიღეთ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ფრედ ფრიცი. 

კელოგისა და ფრიცის მიერ მომზადებული გეგმა ამ დრომდე დონალდ ტრამპთან ასოცირებული ყველაზე დეტალური გეგმაა, რომელიც ირწმუნება, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სწრაფადვე დაასრულებს უკრაინაში მიმდინარე ომს. 

გეგმის მიღების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე სტრატეგიის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება და სავარაუდოა, რომ მას მოჰყვება წინააღმდეგობა როგორც ევროპელი პარტნიორებისგან, ასევე ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელებისგან. 

კელოგისა და ფრიცის გეგმა გამოაქვეყნა ტრამპთან დაკავშირებული America first Policy Institute-მა, რომელიც კანდიდატისთვის რეფორმების დოკუმენტს ამზადებს. 

კიტ კელოგის თქმით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საკვანძო იქნება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. 

"ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინელებს თქვენ უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარება შეწყდება. ასევე, უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მოლაპარაკებებზე უარის შემთხვევაში უკრაინას მივცემთ ყველაფერს რაც საჭიროა რუსეთის არმიის გასანადგურებლად ბრძოლის ველზე",- ამბობს კელოგი. 

მოლაპარაკებებზე რუსეთის დასათანხმებლად გეგმა ითვალისწინების უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხის გაყინვას განგრძობადი პერიოდით. 

ფრედ ფრიცის თქმით, მათი გეგმის მიხედვით, უკრაინას არ მოუწევს ტერიტორიების ფორმალურად დათმობა, თუმცა დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყანამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაიბრუნოს. 

"ჩვენი მთავარი წუხილი ის არის, რომ კონფლიქტი გადაიზარდა გამოფიტვის ომში, რომელიც ახალგაზრდა კაცების მთელ თაობას გაანადგურებს" - ამბობს ფრიცი. 

გეგმის ავტორების მტკიცებით, ხანგრძილივი მშვიდობისთვის აუცილებელი იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. ფრედ ფრიცის თქმით, ამ გარანტიების საკვანძო ელემენტი "უკრაინის კბილებამდე შეიარაღებაა."

ტრამპის მრჩეველების გეგმას უკვე მოჰყვე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების კრიტიკა - თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი არ არის დაინტერესებული პუტინთან დაპირისპირებით. 

რუსეთ-უკრაინის ომზე დასმულ შეკითხვებს 21 ივნისს ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას უპასუხა თავად ტრამპმა - აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში პრეზიდენტი, რომ ის ყოფილიყო. 

ამასთანავე ტრამპმა შეცდომა უწოდა ბაიდენის მიერ უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების დაპირებას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სწრაფად მოუღებს ბოლოს ომს. 

მსგავსი სიახლეები