პუტინი: ვაფასებთ, რომ რუსეთს ბევრი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს დღეს ბევრი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე, რომლებიც არ ემორჩილებიან "ჰეგემონის" წნეხს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფორუმ Армия-2022-ის გახსნით სიტყვაში განაცხადა.
პუტინმა უკრაინაში მის მიერ დაწყებული ომის მიმდინარეობაზეც ისაუბრა:
"დღეს ჩვენი მეომრები ღირსეულად იხდიან თავიანთ ვალს სამშობლოს წინაშე - ისინი იბრძვიან რუსეთისთვის, მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ისინი თანამიმდევრულად ასრულებენ ყველა დავალებას და ათავისუფლებენ დონბასის მიწას."
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "რუსი სამხედროები ყოველთვის იდგნენ სამშობლოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სადარაჯოზე და მოჰქონდათ თავისუფლება სხვა ერებისთვის".
პუტინმა მადლობა გადაუხადა რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის თანამშრომლებს, რომელთა მომზადებული იარაღიც, მისი თქმით "დღეს ქვეყნის გამარჯვებასა და ტექნოლოგიურ წინსვლაზე მუშაობს".
პუტინის თქმით, რუსული წარმოების იარაღი მსოფლიოში მაღალი მოთხოვნით სარგებლობს და რუსეთი მზადაა შესთავაზოს ეს შეიარაღება პარტნიორებს ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
"ჩვენ ვაფასებთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ბევრი მოკავშირე, პარტნიორი და თანამოაზრე ჰყავს სხვადასხვა კონტინენტზე. ეს არის სახელმწიფოები, რომლებიც არ ემორჩილებიან ე.წ. ჰეგემონის წნეხს და მათი ლიდერები ავლენენ, ნამდვილ მამაკაცურ ხასიათს",- თქვა პუტინმა.