"პუტინის ერთგული ქვეითი და იდეური კეინსიანელი" - ვინ არის ანდრეი ბელოუსოვი
12 მაისს ვლადიმირ პუტინმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა - ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილება კი თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა.
უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნული სერგეი შოიგუს ნაცვლად ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.
ომის დროს სამხედრო გამოცდილების არ მქონე ბელოუსოვის დანიშვნა მოულოდნელობა იყო როგორც შიდა, ასევე გარე დამკვირვებლებისთვის.
უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირის დანიშვნა უცხო არ არის - ბელოუსოვის მსგავსად სამხედრო სამსახურის გამოცდილება არ ჰქონია არც სერგეი შოიგუსა და არც მის წინამორბედს, ანატოლი სერდიუკოვს.
საკითხის კომენტირებისას კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინას მიმდინარე ომის ფონზე აუცილებელია თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად გახსნილი იყოს ინოვაციებისთვის - "როგორც ჩანს სწორედ აქედან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინი ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურაზე შეჩერდა",- განაცხადა პესკოვმა.
ბელოუსოვი წლების განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ეკონომისტად და ფინანსისტად მიიჩნეოდა. თითქმის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და მისი საქმიანობა ძირითადად სწორედ ეკონომიკას უკავშირდებოდა.
მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მოკალათებული პირობითი "ლიბერალებისგან" განსხვავებით, ბელოუსოვი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად იცავდა ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდი როლის იდეას.
გამოცემა The Bell-ის ცნობით, ბელოუსოვი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობს და გულწრფელად იზიარებს "მტრების ალყაში აღმოჩენილი რუსეთის იდეას."
ვიცე-პრემიერის პოსტზე ბელოუსოვს რამდენიმე გახმაურებული სკანდალი უკავშირდება - მათ შორის 2018 წელს, როდესაც მან უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოები სახელმწიფოს კუთვნილი 100 მილიარდი რუბლის მითვისებაში ამხილა. ბელოუსოვის წერილს ბიზნესმენების უკმაყოფილება მოჰყვა - თითქმის 1-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბიზნესმენები იძულებულები გახდნენ ბელოუსოვის მოთხოვნები შეესრულებინათ.
იმ პირობებში როდესაც უკრაინასთან ომის ფონზე სამხედრო ხარჯების წილი რუსეთის მთლიან შიდა პროდუქტში მკვეთრად იზრდება (8.8%), ბელოუსოვის სახით კომპეტენტური ეკონომისტის დანიშვნის მიზანი სისტემის ოპტიმიზაციაა. მათ შორის საუბარია გაზრდილი ხარჯებისა და შესრულებული სამუშაოების აუდიტზე.
ბელოუსოვის კიდევ ერთ უპირატესობად მის "მოკრძალებულ" ხასიათს ასახელებენ - ბევრი კოლეგისგან განსხვავებით ბელოუსოვი სერიოზულ კორუფციულ სკანდალებში არასდროს ფიგურირებდა. მნიშვნელოვან ფაქტორია ბელოუსოვის პერსონალური სიახლოვე პუტინთან.
რუსეთის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანის პროცესში, როდესაც სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ეკონომიკის ყველაზე მძლავრი სექტორის ფუნქციებს ითვისებს, ბელოუსოვის დანიშვნა ლოგიკურად მოსჩანს. ამავდროულად, ეს საკადრო ცვლილება მიგვანიშნებს, რომ კრემლი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და არანაირ მშვიდობიან მომავალს ვლადიმირ პუტინი საკუთარი ქვეყნისთვის არ გეგმავს.
ანდრეი ბელოუსოვის შესახებ
ბელოუსოვი 1959 წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისა და ქიმიკოსის ოჯახში დაიბადა. ბელოუსოვი მოსკოვში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეორე ფიზიკა-მათემატიკური სკოლაში სწავლობდა. ბელოუსოვის ეკონომიკის მიმართ ინტერესს საფუძველი ოჯახში მიეცა - 1960-იანი წლებიდან მამა Госплан-ის კვლევით ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და ამ პოსტზე ალექსეი კოსიგინის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებშიც მონაწილეობდა.
"ეკონომისტ-კიბერნეტიკოსის" უმაღლესი განათლება ბელოუსოვმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 1986 წლამდე მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტში. ამავე წელს დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1986-1990 წლებში მუშაობდა ეკონომიკისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგნოზირების ინსტიტუტში.
1990-2006 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახალხო-სამეურნეო პროგნოზირების ინსტიტუტში. 1990-იან წლებში კონსულტაციას უწევდა იმდროინდელ პრემიერებს, მათ შორის, ევგენი პრიმაკოვს, სერგეი სტეპაშინს, ხოლო მოგვიანებით მიხაილ კასიანოვის შტატგარეშე ეკონომიკურ მრჩევლად დაინიშნა.
2000-წლიდან ბელოუსოვი ხელმძღვანელობდა მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლვედიანი პროგნოზირების ცენტრს. 2006-2008 წლებში იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ჯერ გერმან გრეფის, ხოლო შემდგომ ელვირა ნაბიულინას მინისტრობისას.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტანტინ სონინი საკუთარ X-ზე წერს, რომ ბელოუსოვი აქტიურად მონაწილეობდა ეკონომისტების მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდებში. მისი თქმით, ბელოუსოვი გამოირჩეოდა კონკრეტული ცოდნით - "სანამ სხვები ზოგად საკითხებზე საუბრობდნენ, ბელოუსოვი რიცხვებს უკირკიტებდა."
სონინის თქმით, ბელოუსოვს არასდროს გამოუვლენია თავი კომპეტენტურ მაკროეკონომისტად - "ბელოუსოვი კომპეტენტური და სახელმწიფოზე ორიენტირებული ეკონომისტების იშვიათი 'სახეობის' წარმომადგენელია, ვიტყოდი, რომ ის ზედმეტად კომპეტენტურია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრობისთვის",- წერს კონსტანტინ სონინი.
ამ პერიოდში ანდრეი ბელოუსოვს რუსული მედია გერმან გრეფის გუნდის წევრად მოიხსენიებდა. ბელოუსოვის პოლიტიკური წინსვლა 2008-2012 წლებში დაიწყო - ბელოუსოვი რუსეთის მთავრობის აპარატის ეკონომიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამ პერიოდში მთავრობის მეთაური, კი ვლადიმირ პუტინი იყო. თანამდებობა არ არის პოლიტიკური, თუმცა გავლენიანი პოსტია. სწორედ დეპარტამენტის დირექტორი ამზადებს პრემიერის თათბირებს და მონაწილეობს მასში. ამ პოსტზე ბელოუსოვი პირადად ამზადებდა მთავრობის ანტი-კრიზისულ დოკუმენტებს ვლადიმირ პუტინისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს.
ამ პერიოდში ბელოუსოვის უშუალო უფროსი თავდაპირველად მოსკოვის ამჟამინდელი მერი, სერგეი სობიანინი და მოგვიანებით, დუმის ამჟამინდელი სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი იყვნენ. წყაროების ცნობით, ბელოუსოვს სობიანინთან და ვოლოდინთან დღემდე კარგი ურთიერთობები აკავშირებს.
2011 წელს ბელოუსოვი აქტიურად მონაწილეობდა პუტინის საპრეზიდენტო კამპანიაში. მისი ინიციატივით შეიქმნა სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო, რომელიც ე.წ. სახალხო ფრონტთან ერთად პუტინის ძირითადი წინასაარჩევნო პლატფორმა იყო, თუმცა ფრონტისგან განსხვავებით, ბელოუსოვის პროექტი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. სწორედ ამ სააგენტოს დამსახურებად მიიჩნევდნენ რუსეთის სწრაფ დაწინაურებას ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Bussines) რეიტინგში 123-დან 28-ე პოზიციამდე.
2012 წელს ბელოუსოვი ეკონომიკის განვითარების მინისტრად ინიშნება. უკვე 2013 წლის ზაფხულში ის ეკონომიკურ საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველი ხდება. ამ პოსტზე ბელოუსოვის სამუშაოდ მოსკოვის ძველ მოედანზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გადადის. საბჭოთა კავშირის დროს სწორედ ამ შენობაში მდებარეობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი.
წყაროების ცნობით, ბელოუსოვი ლეონიდ ბრეჟნევის ყოფილ კაბინეტში დაფუძნდა და იქ არაფერი შეუცვლია. ასეთი კაბინეტი შეესაბამება ბელოუსოვის ეკონომიკურ იდეოლოგიასაც - მიიჩნევა, რომ ის იდეური კეინსიანელია, რაც სახელმწიფოს მიერ ჯამური მოთხოვნის მართვაში აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის სახელმწიფოს ხარჯების ზრდის გზით გულისხმობს.
ბელოუსოვთან ნამუშევარი ადამიანები ამბობენ, რომ ის მთელი ცხოვრებაა იცავს პრინციპს - "მეტი ფული ბიუჯეტიდან და რაც შეიძლება იაფი კრედიტი."
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის პოსტზე ანდრეი ბელოუსოვმა 2020 წლამდე იმუშავა. დმიტრი მედვედევის მოულოდნელი გადაყენებისა და დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, მიხაილ მიშუსტინის ახალ მთავრობაში ბელოუსოვმა პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა.
ამ პოსტზე ბელოუსოვი რუსეთის მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკას კურირებდა, მათ შორის ერთიანი ფინანსური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებს, მის კურირებაში იყო ფინანსური ბაზრების, სადაზღვევო და საუდიტორი საქმიანობის რეგულირება, ასევე ე.წ. ნაციონალური პროექტების აღსრულება.
ბოლო წლებში ბელოუსოვი აქტიურად მუშაობდა რუსეთის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის იდეაზე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა რუსეთის ტექნოლოგიური განვითარების კონცეფცია 2030 წლამდე. ბელოუსოვის ჩანაფიქრის მიხედვით, იმ დროისთვის რუსეთს უკვე შეეძლება მოწინავე კომპიუტერული ჩიპების, ზუსტი მანქა-დანადგარებისა და დახვეწილი უპილიტო საფრენი აპარატების წარმოება.
ყველაფერთან ერთად ბელოუსოვი "წესიერი და მოკრძალებული" ჩინოვნიკის რეპუტაციით სარგებლობს, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი კლანი. ნაცნობებისა და მეგობრების ცნობით, ბელოუსოვი ერთ-ერთი ყველაზე ეკლესიური ადამიანია რუსეთის ხელისუფლებაში. ბელოუსოვი ე.წ. დივეევკის საძმოს წევრია, რომელშიც ასევე შედიან, სერგეი კირიენკო და მიხაილ მიშუსტინი. სხვა ინიციატივებთან ერთად ცნობილია ბელოუსოვის მიერ წამოწყებული რამდენიმე საქველმოქმედო პროექტის შესახებაც.
ვლადიმირ პუტინს არაერთხელ უსაუბრია საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზე, მათ შორის მის ბოლო ყოველწლიურ მიმართვაშიც. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საბჭოთა იმპერიის კრახის მიზეზი არაკომპეტენტური ფინანსური მენეჯმენტი იყო. აქედან გამომდინარე უკვე მრავალი წელია პუტინმა ეკონომიკისა და ფინანსების მართვა გამოცდილ და პროფესინალ ტექნოკრატებს მიანდო.
ასეთი ადამიანებს რიგს განეკუთვნებიან პირველ რიგში, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა, ფინანსების მინისტრი, ანტონ სილუანოვი, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მაქსიმ ორეშკინი, ასევე უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტი, გერმან გრეფი და ამ წრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ანდრეი ბელოუსოვი. ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებების მიუხედავად დასახლებული ტექნოკრატები ინარჩუნებენ პროფესიულ ავტონომიას თავიანთი პასუხისმგებლობის ზონაში.
ანდრეი ბელოუსოვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა პრევენციულ ზომადაც შეგვიძლია აღვიქვათ, პუტინი შიშობს, რომ არასწორი მენეჯმენტისა და გაზრდილი ხარჯების პირობებში მისი რეჟიმი საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს და ვერ გაუმკლავდება სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსის გაზრდილ საჭიროებებს.
ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი ომის ხარჯების შეკვეცავს გეგმავს, პირიქით ბელოუსოვის დანიშვნით, პუტინი ცდილობს სისტემის იმგვარად ორგანიზებას, რომ რუსეთის ეკონომიკა საბოლოოდ გადავიდეს სამხედრო რელსებზე, ისე, რომ მის რეჟიმს სასიკვდილო ტვირთად არ დააწვეს.