პუტინის თქმით თანახმაა ზავზე, თუ შეწყდება უკრაინის შეიარაღება და მობილიზაცია
.jpg)
ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის წინადადებას ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის დიქტატორ, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ თანახმა ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ ზავმა გრძელვადიან მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და აღმოფხვრას კონფლიქტის ძირეული მიზეზები"- განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზავთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ნიუანსები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება.
"როგორ გამოიყენებენ ამ 30 დღეს? იმისთვის, რომ უკრაინამ გააგრძელოს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ უკრაინას უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდონ? იმისთვის, რომ ახლადმობილიზებული დანაყოფები გაწვრთნან?"- განაცხადა პუტინმა.
კონტექსტი
ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა ამერიკული ადმინისტრაციის წინადადება იყო, რომელსაც უკრაინული დელეგაცია 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დათანხმდა.
ეს 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი შეხვედრა იყო თეთრ სახლში გამართული სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ ამერიკამ აღადგინა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ბურთი რუსეთის მოედანზეა და მათი უარი მრავლისმეტყველი იქნება.
შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში რუსეთის დამანგრეველი ფინანსური ზომების შესახებ ისაუბრა დონალდ ტრამპმა 12 მარტს ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე
უკვე მოსკოვში იმყოფება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, რომელიც პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვის ცნობით, პუტინს საღამოს საათებში შეხვდება.