პუტინმა არმიის დისკრედიტაციისთვის ქონების კონფისკაციის კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა არმიის დისკრედიტაციისთვის ქონების კონფისკაციის კანონს ხელი მოაწერა.
აღნიშნული კანონით, სახელმწიფოს უფლება მიეცემა ქონება ჩამოართვას პირებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების აზრით, ჩართული არიან ექსტრემისტული ქმედებების წახალისებაში, შეიარაღებული ძალების შესახებ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში, ტერორიზმის გამართლებასა და ჯარის დისკრედიტაციაში.
კანონპროექტს მხარი, როგორც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა, ასევე ქვედა პალატამ დაუჭირა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ, კანონი ძალაში შევიდა.
ქვედა პალატის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ნაძირლებს საპატიო ტიტულებს, ქონებას, ფულს, ძვრიფას ნივთებს ჩამოართმევს“ და „მოღალატეებისთვის, რომლებიც რუსეთსა და მის ჯარს ტალახს ესვრიან“ სასჯელს გაამკაცრებს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიღებული კანონი, რომელიც რუსი სამხედროების კრიტიკას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, მიზნად კრემლის ქმედებებზე განსხვავებული აზრის ჩახშობას და ვლადიმირ პუტინის კრიტიკის შეზღუდვას ისახავს.