პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება დაამტიცა
რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული ხელშეკრულების პროექტი.
კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება ხელშეკრულების პროექტში არაპრინციპული ცვლილებები შეიტანოს. ამავე განკარგულების მიხედვით საბოლოო დოკუმენტს ხელი ქვეყნის ლიდერებმა უნდა მოაწერონ.
სავარაუდოდ სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტს მხარეები მომდევნო დღეებში, ფხენიანში ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოაწერენ.
საგარეო ურთიერთობებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველის, იური უშაკოვის თქმით, ახალი ხელშეკრულება ჩაანაცვლებს ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოთა კავშირს შორის 1961 წელს გაფორმებულ კეთილმეზობლობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას.
კონტექსტი
18-19 ივნისს ჩრდილოეთ კორეაში სტარტს აიღებს ვლადიმირ პუტინის 2-დღიანი სახელმწიფო ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში.
ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე გაიმართება - უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთმა გასულ თვეებში ასი ათასობით კორეული ჭურვი და ათობით ბალისტიკური რაკეტა მიიღო.
ცნობილია ჩრდილო კორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის, ტრეისი ნიუელის თქმით, 2023 წლის მიწურულიდან ამ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 11 ათასი კონტეინერი საბრძოლო მასალა მიიღო.
სამხედრო ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება, რომელსაც რუსეთიც შეუერთდა. სამხედრო თანამშრომლობა ამ სანქციებს არღვევს.
დასავლური წყაროების ცნობით, შეიარაღების სანაცვლოდ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ნავთობ პროდუქტებს აწვდის.