პუტინმა ომში მონაწილეობისთვის სერიული მკვლელი კანიბალი შეიწყალა

უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის რუსეთში სერიული მკვლელი შეიწყალეს, რომლის დანაშაულებს შორისაც კანიბალიზმიც არის. 

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის Сибирь.Реалии ავრცელებს

საუბარია სამჯერ გასამართლებულ დენის გორინზე, რომლის ბიოგრაფიაში მსხვერპლთა ხორცის ჭამის ეპიზოდიც არის. გამოცემის ინფორმაციით, ოქტომბრის მიწურულს გორინმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო კონფლიქტის ზონიდან, რომელშიც რუსეთის არმიის სამხედრო ფორმა აცვია Z სიმბოლოებით. 

წყაროს ცნობით, გორინი ცოტა ხნის წინ დაიჭრა და ამ დროისთვის იუჟნო-სახალინსკის ჰოსპიტალში მკურნალობს. 

გორინი პირველად 2003 წელს მკვლელობისთვის დააპატიმრეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გორინი სანიმუშო ქცევისთვის 3 წელში გაათავისუფლეს. 

გათავისუფლების შემდეგ 2011-2012 წლებში გორინმა ძმასთან ერთაად კიდევ 2 ადამიანი მოკლა. მალევე სამართალდამცველებმა გახსნეს გორინის მეოთხე მკვლელობის საქმე. გამოძიების ვერსიით 2010 წელს გორინმა კაცი მოკლა, რის შემდეგაც მსხვერპლს ხორცი აათალა და შეჭამა. 

2018 წელს გორინს სასამართლომ განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში 22 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა 22 წლის სტუდენტის სასტიკი მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ვლადისლავ კანიუსი შეიწყალა. 

მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ შეწყალება მიიღო ნიკოლაი ოგოლობიაკმა რომელსაც 2010 წელს მოზარდების რიტუალური მკვლელობისთვის 20 წლით თვისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

მსგავსი სიახლეები