პუტინის პირდაპირი ეთერი ფრონტზე შექმნილი ვითარების გამო გადაიდო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირდაპირი ეთერი ივნისიდან მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად უკრაინის ფრონტზე შექმნილი ვითარება დასახელდა.

ამ ინფორმაციას რუსული კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ახლა, სავარაუდოდ, იგეგმება მისი (პირდაპირი ეთერის - რედ.) ნოემბერ-დეკემბერში ჩატარება." - წერს გამოცემა.

კომერსანტის თანამოსაუბრის თქმით, ასეთი პერიოდის არჩევა უკრაინის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ამიტომ სჯობს ვითარების გარკვევას დაველოდოთ.

წყარომ ასევე აღნიშნა, რომ სასურველია ღონისძიება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამდე ჩატარდეს, რადგან მისი ჩატარება ოფიციალური კამპანიის დაწყების შემდეგ უფრო რთული იქნება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მანამდე დარწმუნებული იყო, რომ პუტინთან პირდაპირი ეთერი შედგებოდა, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დაასახელა.

პუტინმა პირდაპირი ეთერი ბოლოს 2021 წელს ჩაატარა. შემდეგი ღონისძიება 2023 წლის 30 ივნისს იყო დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები