"ქართული ოცნების" მხარდამჭერ ირლანდიელ ევროპარლამენტარებს აღარ აირჩევენ - კვლევა
ოდიოზური ევროდეპუტატები კლერ დეილი და მიკ უოლასი ევროპარლამენტში ადგილების შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლაში არიან ჩართული.
ორი მემარცხენე დეპუტატი, რომლებიც პარლამენტში "ქართული ოცნების" პოზიციების დაცვით იყვნენ გამორჩეული, Irish Times/Ipsos B&A-ის ბოლო კვლევის თანახმად, ევროპარლამენტის წევრები ვერ გახდებიან.
დეილის მხარდაჭერა, რომელიც დუბლინის ოლქში (რომელსაც 4 ევროპარლამენტარი ჰყავს) იყრის კენჭს, 6%-ია.
უოლესი, ყოფილი მშენებელი, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს სამხრეთ საარჩევნო ოლქში (რომელიც აირჩევს 5 დეპუტატს), გამოკითხვაში 3% აქვს.
ორი ევროპარლამენტარი განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ მოექცნენ პრო-რუსული პოზიციების გამო. მათ ასევე მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა ტრიბუნალის შექმნას რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში ჩადეინილი დანაშაულებისთვის.
Irish Times-ის 2022 წლის გამოძიებამ აჩვენა, რომ ორი ევროპარლამენტარი ხშირად სტუმრობენ რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მედიას და მხარს უჭერენ ამ ქვეყნების პოლიტიკას.
ორივე ევროპარლამენტარი მემარცხენე პოლიტიკურ ჯგუფში სხედან.
ირლანდიაში არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთულია. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, კანდიდატები, რომლებიც ევროპარლამენტში 14 ადგილისთვის იბრძვიან, ერთიანი გადასაცემი ხმის სისტემით, სამ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში იბრძვიან.
ერთიანი გადასაცემი ხმის სისტემით ამომრჩევლები თავიანთ კანდიდატებს ანაწილებენ, რაც ნიშნავს, რომ ხმების "გადაცემას" შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
კლერ დეილი და მიკ უოლასი მუდმივად აფიქსირებენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერ პოზიციებს. 2023 წლის 2 ივნისს ისინი შალვა რამიშვილის "დიდ გადაცემაში" იყვნენ სტუმრად.