საფრანგეთი: ‘სახალხო პრაიმერში’ ქრისტიან ტობირამ გაიმარჯვა
ონლაინ-გამოკითხვაში, რომლის მიზანი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო მემარცხენე კანდიდატის დასახელება იყო, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ქრისტიან ტობირამ გაიმარჯვა.
„სახალხო პრაიმერში“, რომლის შედეგები 30 იანვარს გამოცხადდა, სულ 392 738 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
„მადლობას გიხდით ნდობისთვის. ჩვენ ერთიანი მემარცხენე ბანაკის ხილვა გვსურს“, - განაცხადა პრაიმერის გამარჯვებულმა.
მემარცხენე ბანაკის მხარდამჭერებს არჩევანის გაკეთება სოციალისტების კანდიდატ ან იდალგოს, ეკოლოგისტების რჩეულ იანიკ ჟადოს, დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერ ჟან-ლუკ მელანშონს და სხვა დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის შეეძლოთ.
რეიტინგში მეორე ადგილი იანიკ ჟადომ დაიკავა, რომელსაც ჟან-ლუკ მელანშონი მოსდევს.
თუმცა, „სახალხო პრაიმერის“ გამართვამდე, იდალგომ, მელანშონმა და ჟადომ განაცხადეს, რომ შედეგების მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მაინც აპირებდნენ.
70 წლის ტობირამ საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ 15 იანვარს განაცხადა.
მანამდე ის ქვეყნის პირველ პირად კენჭისყრას 2002 წელს მემარცხენე რადიკალური პარტიის (PRG) სიით შეეცადა. მაშინ ტობირამ ხმათა 2,32 % მიიღო.
ტობირა ლიბერალური სოციალური პოლიტიკის მიმდევარია და მემარცხენე ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს. ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო.
საზოგადოებრივი აზრის კვლევით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ ლიდერს ხმას ამომრჩეველთა 25 % მისცემდა. მაკრონს 17-17 %-ით ეროვნული გაერთიანების ლიდერი მარინ ლე პენი და რესპუბლიკელების რჩეული ვალერი პრეკრესი მოსდევენ. პარტია რეკონკისტის ლიდერ ერიკ ზემურის რეიტინგი 13 %-ს აღწევს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები აპრილში გაიმართება.