ქვემო საქსონიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვეს
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) მოქმედი პრემიერ-მინისტრის, სტეფან ვეილის ლიდერობით ქვემო საქსონიის მიწის პარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა.
ამას შესახებ 9 ოქტომბერს საღამოს გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მონაცემები იუწყება, რომელიც გერმანული ტელევიზიების ARD-სა და ZDF-ის დაკვეთით ჩატარდა.
სოციალ-დემოკრატებს ამომრჩეველთა 33-33.2%-მა დაუჭირა მხარი. SPD-ს მთავარმა კონკურენტმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) ხმების 28-28.1% მიიღო.
9 ოქტომბერს საღამოს, CDU-ს ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბერნდ ალტუსმანი კენჭისყრის საბოლოო შედეგებს არ დაელოდა და განაცხადა, რომ ტოვებს ამ ფედერალურ მიწაზე პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას.
მწვანეების და AfD-ს წარმატება ქვემო საქსონიის არჩევნებში
წარმატებული არჩევნები იყო მწვანეთა პარტიისთვის, რომელმაც რეკორდული რაოდენობის ხმები მიიღო. წინასწარი მონაცემებით, მათ მხარი ამომრჩევლის 14.4-14.5%-მა დაუჭირა. ამავდროულად, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, ხმების რაოდენობა თითქმის გააორმაგა (11.2%).
"თავისუფალმა დემოკრატებმა" (FDP), ორივე ტელეარხის მონაცემებით, 9 ოქტომბრის საღამოსთვის 4.9% მიიღეს. ამრიგად, მათი წარმომადგენლობა ქვემო საქსონიის მიწის პარლამენტში ჯერ არ არის გარანტირებული, რადგან ბარიერი 5%-ია. ახალი მმართველი კოალიციის ფორმირება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, გადალახავს თუ არა ეს პარტია ბარიერს.
მემარცხენე პარტია (Die Linke), რომელმაც წინასწარი შედეგებით ხმების 2.7% მიიღო, ლანდთაგში შესვლას ვერ შეძლებს.