რა განცხადებები გააკეთა მაკრონმა უკრაინაზე? - მოკლე შეჯამება

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სენატში, უკრაინის მხარდაჭერაზე გამართული დებატების შემდეგ, მედიასთან შეხვედრა გამართა ემანუელ მაკრონმა.

TF1-ის და France 2-ის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, მან უკრაინისთვის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

გთავაზობთ დღევანდელი ინტერვიუს მოკლე შეჯამებას. 

უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე

საუბრის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაკრონის მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ინიციატივა იყო, რომელიც უკრაინაში სამხედრო შენაერთის გაგზავნას ეხებოდა. 

"გამორიცხული არ არის, თუმცა ეს გარემოება დღეს არ დგას"- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს უკრაინაში თავდასხმის განხორციელებას, თუმცა აუცილებელია, რომ "არ ვიყოთ სუსტები, რათა უკრაინაში მშვიდობას მივაღწიოთ." 

მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი სამხედროები უკრაინაში გაიგზავნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ქმედებებიდან იქნება გამომდინარე. 

უკრაინის მხარდაჭერაზე

უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ინტერვიუს განმავლობაში ისაუბრეს. მაკრონის აზრით - "დამარცხებას ირჩევს" ის ხალხი, ვისაც ლიმიტები აქვს, ამ თვალსაზრისით. 

"უკრაინაში რუსეთის გამარჯვება, ნულამდე შეამცირებს ევროპის სანდოობას,"- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ამ საკითხზე საუბრის დროს, მაკრონმა უკრაინის და ევროპის უსაფრთხოება ერთმანეთთან არაერთხელ დააკვშირა და აღნიშნა, რომ საფრთხის ქვეშ მთელი კონტინენტი დგას. 

"სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა ვერასდროს შეძლოს ომის მოგება." 

მან ასევე აღნიშა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერების ლექსიკონში ძალიან ბევრი "შეზღუდვაა."

"ორი წლის წინ, ჩვენ ვამბობდით, რომ ტანკებს არასდროს გადავცემდით, რაც შემდეგ გავაკეთეთ. ორი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ არასდროს მივცემდით საშუალო რადიუსის ჭურვებს, რაც გადავეცით." 

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ის ხალხი, ვინც მხარს არ უჭერს უკრაინას, ირჩევს დამარცხებას და არა მშვიდობას. 

ევროპის უსაფრთხოება

"როგორ ფიქრობთ, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში - პოლონელებს, ლიეტუველებს, ბულგარელებს და რუმინელებს, შეუძლიათ ერთი წამით მაინც მშვიდად ყოფნა?" - რიტორიკულად იკითხა მაკორნმა, რომელმაც საუბრის დროს, არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის გამარჯვება, ევროპის უსაფრთხოების მორღვევას გულისხმობს. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიღწევა და მშვიდობის დამყარება, უკრაინის კაპიტულაციის გზაზე არ გადის. 

მაკრონმა საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრიაზე სუბარის დროს განაცხადა, რომ საჭიროა მეტის წარმოება, კიდევ უფრო სწრაფად, რადგანაც არსებული "ინტეტენსივობისთვის" წარსულში არ ემზადებოდნენ, შესაბამისად, არცერთ შესაძლო სცენარში არ ყოფილა დღევანდელი საჭიროებები განხილული.  

შეჯამება 

უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის შეხვედრის შემდეგ, გასულ თვეს, ემანუელ მაკრონმა საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ არ გამორიცხავს სამელეთო ჯარების უკრაინაში განთავსებას, რასაც ბევრი ევროპელი კოლეგა, პირველ რიგში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ დაეთანხმა.

ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საფრანგეთში, სადაც ყველაზე აქტიურად მარინ ლე პენისა და ჟან-ლუკ მელანშონის პოლიტიკური პარტიები გამოირჩეოდნენ. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, 13 მარტს, ეროვნულ ასამბელაში უკრაინის მხარდაჭერის ტექსტი მაინც მიიღეს, რაც მათ შორის, საფრანგეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხემბასაც მოიცავდა. 

მწვავე რეაქციების მიუხედავად, მაკრონი და მისი გუნდის წევრები, ამ შესაძებლობას კვლავ განიხილავენ. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება ოლაფ შოლცთან შეხვედრა, რომელიც 16 მარტს ბერლინში გაიმართება. 

ბოლო პერიოდში გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება ორივე ქვეყნის ლიდერისთვის, რომ საჯაროდ, ერთიანობა დააფიქსირონ. მათთან ერთად, მონაწილეობას დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერი მიიღებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები