რადამ შეამცირა ანტი-კორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა - რა ხდება უკრაინაში
.jpg)
დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული უწყებების შესახებ რადას მიერ მიღებულმა კანონმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ყველაზე ხალხმრავალი პროტესტები გამოიწვია - კანონს მალევე მოაწერა ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
State Of Play: მოწინააღმდეგეების თქმით, კანონი პრაქტიკულად ანადგურებს უწყებების დამოუკიდებლობას და პრეზიდენტის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში გადაჰყავს - თავის მხრივ, პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უწყებები გააგრძელებენ საქმიანობას, "ოღონდ რუსული გავლენის გარეშე".
- საპროტესტო აქციები გაიმართა კიევში, ოდესაში, ლვივსა და დნიპროში. დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით - "ჩვენ ავირჩიეთ ევროპა და არა ავტოკრატია", "ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება".
- კანონი რადამ 263 ხმით მიიღო, წინააღმდეგ წავიდა 13 დეპუტატი - უკრაინელი კომენტატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ინიციატივას, საპრეზიდენტო პარტია "ხალხის მსახურთან" ერთად, მხარი დაუჭირეს ყოფილი რეგიონების პარტიებისა და სხვა პრო-რუსული ფრაქციების წევრებმაც.
- ინიციატივის გასვლის შემდეგ, ანტი-კორუფციული უწყებების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდეს გამოეყენებინა ვეტოს უფლება.
- ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციებისა და მოწოდებების მიუხედავად, ღამის საათებში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კანონს ხელი მოაწერა - BBC-ის უკრაინული სამსახური ყურადღებას კონკრეტულ დეტალზეც ამახვილებს - ცნობა, კანონის ხელმოწერის შესახებ, პრეზიდენტის საიტიდან რამდენიმეჯერ გაქრა და გამოჩნდა.
Break It Down: კანონპროექტი, სარეგისტრაციო ნომრით "12414", თავდაპირველად არ ითვალისწინებდა ცვლილებებს დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული უწყებების საქმიანობაში - შესაბამისი ცვლილებები პროექტში 22 ივლისს დაჩქარებულად შეიტანეს.
- საუბარია, უკრაინის ეროვნულ ანტი-კორუფციულ ბიუროსა (NABU) და სპეციალიზებულ ანტი-კორუფციულ პროკურატურაზე (SAP), რომლებიც პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს შეიქმნა, და 2014 წლის ღირსების რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად მიიჩნევა.
- ოპოზიციონერებისა და პოლიტიკის კომენტატორების შეფასებით, საუბარია ამ უწყებების დამოუკიდებლობის "პრაქტიკულ" განადგურებაზე - დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, ცვლილებების შედეგად, სპეციალიზებული ანტი-კორუფციული პროკურატურის უფროსი გენერალური პროკურორი ხდება.
- "ეს ნიშნავს, რომ გენპროკურორს ექნება ექსკლუზიური უფლება, განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმეების მეთვალყურე პროკურორების ვინაობა ანტი-კორუფციულ ბიუროში"- ამბობს ჟელეზნიაკი.
- კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე - ცვლილებების შედეგად, გენპროკურორს აქვს უფლება გამოითხოვოს ანტი-კორუფციულ ბიუროში აღძრული საქმეები და ის ხვა პროკურორებს გადასცეს - აქამდე NABU-დან საქმეების გამოთხოვა აკრძალული იყო.
- გარდა ამისა, ახალი კანონი გენპროკურორს ანიჭებს მიმდინარე საქმეების შეწყვეტის შუამავლობის დაყენების უფლებასაც, მათ შორის, მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებისაც.
The Other Side: თავის ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკრიტიკა ანტი-კორუფციული სისტემის ეფექტიანობა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი საქმეები წლებია თაროზეა შემოდებული.
- "არ არსებობს რაციონალური ახსნა, თუ რატომ დევს მოძრაობის გარეშე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მილიარდობით დოლარს ეხება" - ამბობს ზელენსკი და დაამატა, რომ გენერალური პროკურორი უზრუნველყოფს სასჯელის აღსრულების გარდაუვალობას.
- უკრაინელ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს უშუალოდ კანონზე, ან ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში გამართულ პროტესტებზე, თუმცა თქვა, რომ ანტი-კორუფციული სისტემა გააგრძელებს მუშაობას - "ოღონდ რუსული გავლენის გარეშე, საჭიროა მისგან ყველაფერი გავწმინდოთ."
Behind The Scenes: კანონის მიღებას წინ უძღოდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის მიერ NABU-ში ჩატარებული ჩხრეკები და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაკავება. უწყებების ცნობით, ოპერაციის მიზანი ანტი-კორუფციულ ბიუროში რუსული გავლენის ნეიტრალიზება იყო.
- Financial Times ამახვილებს ყურადღებას, რომ დამოუკიდებელ ანტი-კორუფციულ უწყებებში ჩხრეკები მას შემდეგ ჩატარდა, რაც NABU-მ საქმე ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ზელენსკის გარემოცვის უახლოესი წევრის, ალექსეი ჩერნიშოვის წინააღმდეგ აღძრა.
- The Economist ამახვილებს ყურადღებას, რომ ივლისის დასაწყისში, მინისტრთა კაბინეტმა დაბლოკა ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორის პოსტზე ალექსანდრ ცივინსკის დანიშვნა.
- ამას მოჰყვა კორუფციის აღმოფხვრის ცენტრის დირექტორის, ვიტალი შაბუნინის დაკავება, რომელიც არაერთმა კომენტატორმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა.
- ამავე პერიოდში განვითარდა სამთავრობო ცვლილებებიც - უკრაინის ახალი პრემიერი, იულია სვირიდენკო გახდა, რომელიც უკრაინული მედიის ინფორმაციით , პრეზიდენტის ოფისის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაახლოებული ადამიანია, ხოლო ყოფილი პრემიერი, დენის შმიჰალი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
Big Picture: პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმაურიანი სათაურები მოჰყვა დასავლურ პრესაში.
- "უკრაინაში იზრდება უკმაყოფილება მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ დამოუკიდებელ ანტი-კორუფციულ უწყებებს შეუტია" - წერს The Economist.
- "ზელენსკი დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული უწყებების წინააღმდეგ წავიდა"- ასეთია Financial Times სათაური.
- "ზელენსკიმ გაანეიტრალა ანტი-კორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა, რასაც პროტესტები მოჰყვა"- წერს Axios.
- "ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მოაწერა ხელი კანონს ანტი-კორუფციული უწყებების დასუსტების შესახებ"- წერს Washington Post.
Сontext: გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებსა და ზელენსკის ყოფილ თანაგუნდელებს შორისაც.
- ეროვნული ანტი-კორუფციული ბიურო 2015 წელს დასავლეთის აქტიური ჩართულობით შეიქმნა - ამავე პერიოდში შეიქმნა სპეციალიზებული ანტი-კორუფციული პროკურატურა (SAP), ასევე, კორუფციის წინააღმდეგობის ეროვნული სააგენტო (NAZK), აქტივების მოძიებისა და მენეჯმენტის სააგენტო (ARMA), უმაღლესი ანტი-კორუფციული სასამართლო (VAKS).
- ამ უწყებების გარდა, კორუფციული საქმეების გამოძიება ასევე შეუძლია გამოძიების ეროვნულ ბიუროსა (DBR) და უკრაინის ეროვნულ პოლიციას (NPU), თუმცა, პოსტ-მაიდანური უკრაინის ახალი ანტი-კორუფციული სისტემის 2 საყრდენ ბოძად სწორედ NABU და SAP მიიჩნეოდა, რომლებსაც დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი ჰქონდათ.
- ახალ კანონს გამოეხმაურა უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და განაცხადა, რომ "უკრაინისთვის ცუდი დღეა"; მისი თქმით, საუბარია არამხოლოდ ანტი-კორუფციული უწყებების ბედზე, არამედ ადამიანების სურვილზე იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში.
- მას შემდეგ, რაც კანონს ხელი მოაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა პოსტი გამოაქვეყნა საკუთარ ტელეგრამ არხზე - "უკრაინის ისტორია გვასწავლის, რომ ერი აგებს, როდესაც მას ღრღნის შიდა წინააღმდეგობები, ჩვენ ერთი უბედურება გვაქვს, საერთო მტერი გვყავს".
- ამასთანავე, ბუდანოვს არ უხსენებია კანონი, და მოუწოდა ხელისუფლებას, პრობლემები ღია დიალოგის გზით გადაჭრას - "დარწმუნებული ვარ, უკრაინას გადაარჩენს ძლიერი არმია და ინსტიტუტები".
Go Deeper: საკანონმდებლო ცვლილებებს კრიტიკით გამოეხმაურნენ ევროკავშირში, რომლისთვისაც კორუფციის აღმოფხვრა უკრაინის ბლოკში გაწევრიანებისა და დახმარების მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
- "ევროკომისია აღშფოთებულია უკრაინის ხელისუფლების მოქმედებებით ანტი-კორუფციულ უწყებებთან მიმართებით" - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიომ.
- კანონი გააკრიტიკა გაფართოებისა და უკრაინის აღდგენის საკითხების კომისარმა, მარტა კოსმაც - "NABU-ს დამოუკიდებლობის საკვანძო გარანტიების გაუქმება უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია".
Follow Up: ცოტა ხნით ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტი-კორუფციული უწყებების ხელმძღვანელები, პრეზიდენტის ოფისში შეხვედრაზე, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მოიწვია.
- შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა მონაწილეების ერთობლივი ფოტოც - ზელენსკის თქმით, საუბარი "გულწრფელი და სასარგებლო" იყო და მაღალჩინოსნები შეთანხმდნენ ერთობლივ სამუშაოზე, რომლის შედეგიც, კონკრეტული გეგმა 2 კვირაში გამოქვეყნდება.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ, NABU-სა და SAP-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საჭიროა მათი უწყებების დამოუკიდებლობის გარანტიები.