რატომ ჩამოვარდა რუსული Луна-25: მიზეზი Роскосмос-მა დაასახელა
რუსული სახელმწიფო კორპორაცია Роскосмос ამტკიცებს, რომ მისი კოსმოსური სადგური Луна-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და ჩამოვარდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ძრავა დროულად არ გამოირთო.
ამ ინფორმაციას РИА Новости კორპორაციის ხელმძღვანელ იური ბორისოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"Луна-25-ის ძრავა დროულად არ გამოირთო - 84-ის ნაცვლად 127 წამი მუშაობდა, რის გამოც ავარია მოხდა." - თქვა ბორისოვმა.
მისიის წარუმატებლობის გასამართლებლად ბორისოვმა აღნიშნა, რომ "მთვარის პროგრამების 50 წლით შეწყვეტის გამო, ტექნოლოგიას ხელახლა უნდა დაეუფლონ" და "ვერავინ იძლევა გარანტიებს."
თუმცა, ბორისოვმა განაცხადა, რომ "რუსეთს აუცილებლად სჭირდება მთვარის რბოლაში მონაწილეობა."
20 აგვისტოს რუსული სადგური Луна-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა.
11 აგვისტოს, რაკეტა Союз-2.1б-მ ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად რუსული მთვარის სადგური Луна-25 გაიტანა კოსმოსში.