Reuters: ამერიკა უკრაინელი პილოტების გაწვრთნას გეგმავს

აშშ-ის საჰაერო ძალების სარდლობა უკრაინელი მფრინავების მომზადებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, წერს Reuters.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები "რუსულ თვითმფრინავებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას ცდილობს" და მთავრობა დასავლური გამანადგურებლების შეძენის შესაძლებლობას ეძებს.

ბრაუნის თქმით, შეერთებულ შტატებს "სურს შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა უკრაინაში საკუთარი საჰაერო ძალების შესაქმნელად, რაც მას მომავალში დასჭირდება".

მან აღნიშნა, რომ მფრინავების წვრთნა არის კომპლექსური საკითხი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საომარ მდგომარეობას და კიევის შესაძლებლობას, ქვეყნის გარეთ გაიყვანოს მფრინავები ხანგრძლივი ინსტრუქტაჟისთვის.

კითხვაზე, რა დრო დასჭირდება უკრაინელ პილოტს ამერიკულ გამანადგურებელზე გადასვლისთვის, ბრაუნმა აღნიშნა, რომ ამერიკელი პილოტებისთვის ეს დრო ორი-ოთხი თვეა. მისი თქმით, საბჭოთა სისტემიდან გადასვლა "ცოტა უფრო რთული იქნება."

Reuters აღნიშნავს, რომ ბრაუნმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილება შეიტანა, რომლითაც 100 მილიონი დოლარი გამოიყო უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის და შეერთებული შტატების საბრძოლო თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის.

მსგავსი სიახლეები