Reuters: აშშ კიევს ურჩევს იერიშის დაწყება შეიარაღების მიღებამდე გადადოს
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უკრაინელ კოლეგებს ურჩევენ ახალი დიდი იერიშის დაწყება შეიარაღების ახალი პარტიის ათვისებისა და შესაბამისი წვრთნების შემდეგ გადადონ.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
"ამერიკელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ იერიში უფრო წარმატებული იქნება, თუ უკრაინა დაელოდება სამხედროების შესაბამის წვრთნას და აითვისებს შეიარაღების ახალ პარტიებს",- ნათქვამია პუბლიკაციაში.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გზავნილი ამერიკელებმა მაღალჩინოსნებმა 14 იანვარს კიევში ვიზიტისას გააჟღერეს - ამ დღეს უკრაინას ენტონი ბლინკენის მოადგილე უენდი შერმანი და ჯეიკ სალივანის მოადგილე ჯონ ფაინერი ეწვივნენ.
გარდა ამისა, ამერიკელებმა წამოჭრეს ქალაქ ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების თემაც - მათი აზრით უკრაინა ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავს სტრატეგიულად ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქის დასაცავად, მაშინ როდესაც ძალები ახალი იერიშის მოსამზადებლად ჭირდება. მათი აზრით, არსებობს ალბათობა, რომ ოკუპანტები მაინც შეძლებენ ქალაქის დაკავებას, თუმცა ეს სტრატეგიულ სურათს ვერ შეცვლის.
კონტექსტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ახალი იერიშის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრის შემდეგ. ლოიდ ოსტინის თქმით, კოალიციური დახმარების ბოლო პაკეტი უკრაინას იერიშის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა იერიში გაზაფხულამდე ნაკლებად მოსალოდნელია.
ხოლო დარჩენილი პერიოდი ოსტინის თქმით, წარმოადგენს შესაძლებლობების ფანჯარას დასავლეთისთვის რათა უკრაინას უფრო მეტი მძიმე შეიარაღება და მათ შორის ტანკები გადასცენ.
ამ თემას შეეხო აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის შტაბის ხელმძღვანელი მარკ მილიც - მისი თქმით, დახმარების ბოლო პაკეტი უკრაინას ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე წარმატებული იერიშების შესაძლებლობას მისცემს.
ამავდროულად, მილის თქმით, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება მიმდინარე წელსვე გაათავისუფლოს უკლებლივ ყველა ოკუპირებული ტერიტორია - "ეს არ ნიშნავს, რომ ეს ვერ ან არ მოხდება, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება."