რეზნიკოვი: დღეს უკრაინა ნატოს მთავარი ქვეყანაა, რომელიც ანადგურებს რუსეთის არმიას
უკრაინის პარტნიორები დაინტერესებული არიან ბრძოლის ველზე მისი გამარჯვებით, თუმცა კიევის მხარდაჭერა მათ რესურსებს აცლის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა LB.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენი პარტნიორები ასევე არ ოცნებობენ, რომ ამ ომში დაგვეხმარონ წლების განმავლობაში - ეს მათაც აცლის რესურსებს. ჩვენი პარტნიორები არიან, როგორც საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, პირველ რიგში კაპიტალისტური სამყარო და კაპიტალიზმი ძალიან პრაგმატულია. კაპიტალისტები ითვლიან. გადასახადის გადამხდელები ითვლიან ფულს. ვინც ამ გადასახადებს მართავს, ფულს ითვლის. და ამიტომ ისინი ასევე დაინტერესებული არიან ჩვენი გამარჯვებით ბრძოლის ველზე, რის შესახებაც სისტემატურად მესმის "რამშტაინში" თავდაცვის მინისტრებისგან. მარტივ მაგალითს მოვიყვან. დღეს მათ დაიწყეს თავიანთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამუშავება და აფორმებენ მათთან კონტრაქტებს, რათა სისტემატური, რიტმული დახმარება მივიღოთ: ვაზნები, იარაღი, რემონტი, სათადარიგო ნაწილები. მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ ყველაფერს აქვს ციკლი. დღეს მათ მიიღეს პოლიტიკური მხარდაჭერა, კენჭი უყარეს მომავალი წლის ბიუჯეტს და აქვთ საკუთარი დერეფანი, დაგეგმვის ჰორიზონტი. რა მოხდება შემდეგ, უცნობია. ამიტომ, დღეს ისინი დაინტერესებული არიან ინვესტიციები ჩადონ ქვეყანაში, რომელიც უკვე მშვიდობიანი იქნება, რომლის აღდგენაც შესაძლებელია", - განაცხადა მან.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ პარტნიორებმა ასევე "რუსეთის, როგორც აგრესორის პოტენციალი უნდა შეამცირონ."
"მადრიდში, სამიტზე, ნატოს 10 წლიანი სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, მთავარ საფრთხედ რუსეთის ფედერაცია აღიარეს. დღეს უკრაინა ნატოს მთავარ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც ანადგურებს რუსეთის არმიას. რომელიც ერთ დროს მეორე არმია იყო მსოფლიოში, მაგრამ ამას აღარ ამბობენ", - თქვა მან.