რეზნიკოვი: რუსები უახლოეს მომავალში მასშტაბური იერიშის წამოწყებას შეეცდებიან
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთში მიმდინარე მობილიზაციის ფონზე სავარუადოა, რომ უახლოეს მომავალში ოკუპანტები ახალი, მასშტაბური იერიშის წამოწყებას შეეცდებიან.
ამის შესახებ ოლექსი რეზნიკოვმა Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
რეზნიკოვის თქმით, რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში წვრთნას დაახლოებით 200 ათასამდე მობილიზებული გადის, წვრთნა კი 3 თვე გრძელდება - "ეს ნიშნავს, რომ ისინი შეეცდებიან ახალი, მასშტაბური იერიშის წამოწყებას. მაღალი ალბათობით თებერვალში, როგორც ეს გასულ წელს ქნეს".
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ მობილიზებული 300 ათასი რეზერვისტიდან დაახლოებით ნახევარი კრემლმა სწრაფად და თითქმის მომზადების გარეშე ფრონტის ხაზების გასამაგრებლად გადაისროლა, მეორე ნახევარის წვრთნის პროცესი გულდასმით მიმდინარეობს, რაც სამომავლო იერიშის გეგმებზე მიუთითებს.
რეზნიკოვის თქმით, რუსეთი მობილიზაციას უახლოეს მომავალში არ შეწყვეტს, ის რუსეთის სამხედრო ტაქტიკას ხოცსაკეპ მანქანას ადარებს - "ისინი ბრძოლის ველზე მაქსიმალურად ბევრ ჯარისკაცს ყრიან, იმ იმედით, რომ ისინი რიცხობრივად უფრო მცირე უკრაინულ ძალებს დაჯაბნიან".
რეზნიკოვი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მდგომაროებასაც შეეხო, რაც გასული 2 თვის მანძილზე ყველაზე აქტუალური საკითხია - მისი თქმით, ომის საწყის ფაზასთან შედარებით საჰაერო თავდაცვის ეფექტურობა 50%-დან 80%-მდე არის გაზრდილი.
კონტექსტი
ოლექსი რეზნიკოვის ინტერვიუ დროში დაემთხვა The Economist-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს უკრაინის ჯარების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნითან, რომელშიც ЗСУ-ს მეთაურმა თქვა, რომ ეჭვი არ ეპარება, რომ რუსები კვლავ შეეცდებიან კიევის აღებას.
რუსების მოსალოდნელი მასშტაბური იერიშის მცდელობის შესახებ ისაუბრა Economist-თან ინტერვიუში უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმაც.
უკრაინის არმიის პირველი პირების თქმით, მოსალოდნელია, რომ ახალი იერიში უახლოეს პერიოდში იანვრის ბოლოდან მარტამდე მონაკვეთში დაიწყება. მათ აზრით ახალი იერიშის მთავარი ხაზი შესაძლოა დონბასიდან ან კვლავ ბელარუსის ტერიტორიიდან განვითარდეს.