რეზნიკოვი: რუსეთი უკრაინაში 167 000 ჯარისკაცით შემოიჭრა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 17 მაისს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში დაახლოებით 167 000 ჯარისკაცით შეიჭრა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების დონეზე ჩატარდა, ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობით.

"უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შემოიჭრა ჯარების გაერთიანებული ჯგუფი (რეზერვების ჩათვლით), დაახლოებით 167 000 სამხედრო, 91 BTG (ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი) უშუალოდ ჩართულია საომარ მოქმედებებში. კიდევ 55 BTG შეიძლება გამოიყოს რეზერვიდან და აღდგენის შემდეგ ერთიდან ორ თვემდე", - თქვა მან.

მინისტრის თქმით, უკრაინაში ინტერვენციის დროს რუსულმა არმიამ 17 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი დაკარგა.

"მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რუსები მაინც მნიშვნელოვნად გვჭარბობენ მძიმე შეიარაღებაში. პირველ რიგში, ავიაციაში, ისევე როგორც ჯავშანტექნიკაში, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებში, არტილერიაში", - თქვა რეზნიკოვმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა "კრემლის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ალყაში მოქცევისა და განადგურების მცდელობებზე, რუსეთიდან ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის შექმნასა და შენარჩუნებაზე და სამხრეთ უკრაინის სრულ ოკუპაციაზე."

"ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შესაძლებელია. ეს გაათავისუფლებს მსოფლიოს ტირანიისგან, ევროპას კი მუდმივი საფრთხისგან. ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოს სამიტს მადრიდში. უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებში. უკრაინის გაძლიერება არის ევროპის გაძლიერება აღმოსავლეთში", - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები