რეზნიკოვი: სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა წვიმამ ოდნავ შეანელა

სამხრეთში ამინდის გაუარესების გამო უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შენელდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

რეზნიკოვმა თქვა, რომ ახლა სრულმასშტაბიანი ომის მესამე ეტაპია. უკრაინის შეიარაღებული ძალების პირველი ამოცანა იყო დამპყრობლების შეჩერება, მეორე იყო ბალანსის მიღწევა, ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია.

მისი თქმით, მესამე ეტაპი არის კონტრშეტევა სხვადასხვა მიმართულებით.

"სამხრეთში ჩვენ ასევე ვაგრძელებთ კონტრშეტევას. ახლა გარკვეული ამინდის პირობები, წვიმას ვგულისხმობ, ცოტათი გვანელებს. მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ტაქტიკას, რომ ნაბიჯნაბიჯ დავიბრუნოთ ჩვენი სოფლები, ყოველი მეტრი და კილომეტრი ეტაპობრივად. და ჩვენ ასე გავაგრძელებთ", - დასძინა რეზნიკოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამპყრობლები ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან, ერთადერთ რეგიონალურ ცენტრში, რომლის დაკავებაც მათ მოახერხეს. ჟურნალისტმა იკითხა, მზად იყვნენ თუ არა უკრაინის ჯარები ხერსონში ბრძოლისთვის და ელოდა თუ არა ამას მინისტრი უახლოეს მომავალში.

რეზნიკოვმა საპასუხოდ თქვა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსული არმია ქუჩის ბრძოლებში ჩაერთვება, რადგან ეს წამგებიანია ოკუპანტებისთვის.

"ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს დნეპერზე, ისეთი სისტემების გამოყენებით, როგორიცაა ამერიკული HIMARS, ისევე როგორც სხვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სსიტემები, კერძოდ M270, 155 მმ-იანი არტილერია - ეს ყველაფერი ნატოს სტანდარტების თანამედროვე სისტემებია, მაგალითად M777 შეერთებული შტატებიდან. მათთვის ხერსონში დარჩენა რეალური რისკია, რადგან მათ არ ექნებათ გაქცევის საშუალება, როგორც ეს ხარკოვის მიმართულებით - იზიუმში და სხვა ქალაქებში", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსები ქალაქ ხერსონიდან გაიქცევიან.

მსგავსი სიახლეები