რეზნიკოვი: Storm Shadow-ს რაკეტები 100%-ით ეფექტურია
ბრიტანული შორი მოქმედების რაკეტა Storm Shadow ბრძოლის ველზე 100%-იან შედეგს აჩვენებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"შემიძლია ვთქვა, რომ Storm Shadow-ს გაშვებების საერთო რაოდენობიდან, ყველა 100%-ით ზუსტი დარტყმაა გენერალური შტაბის მიერ განსაზღვრულ სამიზნეებზე. 100-დან 100, აბსოლუტურად ეფექტურია." - თქვა მან.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს მსგავსი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები.
გარდა ამისა, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ზამთრისთვის საჰაერო თავდაცვა უნდა გააძლიეროს.
"ზამთრისთვის მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, რადგან ჩვენი ცა უსაფრთხო უნდა გავხადოთ... ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ უნდა მოვიცვათ ყველა დიდი აგლომერაცია - არა მხოლოდ კიევი, ასევე ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, ლვივი და ზაპოროჟიე, და გავფართოვოთ ეს რუკა ისე, რომ მთელი უკრაინის ცა იყოს დაცული. აქ საუბარია არა რომელიმე სისტემაზე, არამედ ამ სისტემების რაოდენობაზე, რომლებიც აღჭურვილი იქნება რაკეტებით." - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
კონტექსტი
11 მაისს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტა Storm Shadow გადაეცა. მისი მოქმედების დიაპაზონი 250 კმ-ზე მეტია.
რაკეტას უკრაინა უკვე აქტიურად იყენებს რუსეთის არმიის ზურგში არსებული საბრძოლო მასალის საცავების, სამეთაურო პუნქტების, აეროდრომების და სხვა სამიზნეების გასანადგურებლად.