რეზნიკოვი: უკრაინა ნატოს 33-ე წევრი უნდა გახდეს
უკრაინა შვედეთის შემდეგ ჩრდილ-ოატლანტიკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს. ეს მოსაზრება Twitter-ზე 6 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გამოთქვა.
"უკრაინა უნდა გახდეს ნატოს 33-ე წევრი, შვედეთი კი - 32-ე. უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ ნატოს იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად. ასეთი გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის." - აღნიშნა რეზნიკოვმა.
ფინეთი 4 აპრილს ნატოს 31-ე წევრი გახდა.
კონტექსტი
უკრაინამ ნატოსთან თანამშრომლობა 2014 წელს გააძლიერა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ფონზე.
ნატოში გაწევრიანება, ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად უკრაინის კონსტიტუციაშია გაწერილი.
2018 წელს ნატომ უკრაინა ალიანსის წევრობის კანდიდატ ქვეყნად აღიარა, 2020 წელს უკრაინამ მიიღო გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი.
2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართა, რომლის დასკვნით კომუნიკეში აღინიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს უკრაინის ნატოში შესვლას.
2022 წლის 30 სექტემბერს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს მიმართავს დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანებაზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება ნატოში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა უნდა იყოს.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა უკომპრომისო იქნება ნატოსკენ მიმავალ გზაზე.