რეზნიკოვი: უკრაინა პარტნიორებისგან გამანადგურებლებს მიიღებს
ანტირუსული კოალიციის პარტნიორები უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს იარაღის გადმოცემის თვალსაზრისით ყველაფერი მივიღეთ, დარჩა მხოლოდ თვითმფრინავები, შემიძლია ოპტიმიზმი დაგიმატოთ - თვითმფრინავებიც იქნება, საკითხავია, რა ტიპის." - განაცხადა მან.
მისი თქმით, პარტნიორებს აქვთ ურთიერთგაგება და შესაბამისი მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
რეზნიკოვი F-16-ების ან სხვა მოდელების მიღების შესაძლებლობას ვარაუდობს.
კონტექსტი
2023 წლის 20 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტეინის მერვე შეხვედრის მონაწილეებს მიმართა მოწოდებით, რომ უკრაინას F-16-ები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცენ.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ 19 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას.
პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავიეცკიმ 30 იანვარს განაცხადა, რომ ვარშავა მოკავშირეებს შორის ლობირებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას, როგორც ეს გერმანული Leopard 2-ის ტანკების შემთხვევაში იყო.
თავის მხრივ, 30 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს არ მიაწვდის.